skip to content
ახალი ამბები

სუსი: სახელწმიფო გადატრიალებისა და ტერორიზმის შეთქმულებებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადებაზე გამოძიება მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის, მათ შორის “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის “მკვლელობის მომზადებისა” და “სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე”. აღნიშნული დანაშაულებისთვის სასჯელს ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილი და 315-ე მუხლის პირველი ნაწილი. სუსის მტკიცებით, დანაშაულებრივი ქმედებების მომზადებაში ჩართულები იყვნენ უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლები. 

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს,” ნათქვამია სუსის განცხადებაში, რომელიც 24 ივლისს გამოქვეყნდა. განცხადება ასევე დასძენს: “ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.” 

სუსის განცხადებამდე ერთი დღით ადრე სახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედმა” ისაუბრა სუსში უკრაინაში მებრძოლი ქართველების დაბარებაზე ტერორიზმის შეთქმულებასა და ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების წინააღმდეგ თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით. გამოძიებას გრიფი საიდუმლო ადევს. 

“ქართული ოცნების” ლიდერები საკითხს ცნობილი “გლობალური ომის პარტიის” კონსპირაციით ამძაფრებენ. სუსის განცხადებიდან მალევე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნულ ინფორმაციას უწოდა “უაღრესად შემაშფოთებელი… მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში.” აქ მან ახსენა ბოლო დროის ცნობილი “ორი ტერორისტული აქტი,” კერძოდ სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოსა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობები. “ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იგივე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს,” განაცხადა კობახიძემ. 

გუშინ, ტელეკომპანია “იმედის” სიუჟეტის შემდეგ, ქართული ოცნების დეპუტატმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იგივე მსჯელობა განავითარა. მან თქვა: “ფსევდო-ლიბერალური ფაშიზმის ფარგლებში ხდებოდა ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, მინიშნება ირაკლი კობახიძეზე მკვლელობასთან დაკავშირებით, ახლა თურმე იგეგმებოდა ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი აფეთქებები და ტერორისტული აქტები ჩვენს წინააღმდეგ. ეს დამთხვევაა?!” 

ამასობაში, საკითხს უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისაგან. ისინი მიიჩნევენ, რომ სუსის განცხადება კიდევ ერთი სახელისუფლებო მანიპულაციაა, რომელიც უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. 

“ეს არის მუდმივი კონსპირაცია, დეზინფორმაცია, რუსული სტილის პროპაგანდა, რასაც დასავლელი პარტნიორები ჰიბრიდულ ომს უწოდებენ…”  განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ და დასძინა, რომ ამგვარი ხერხების გამოყენებით ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება და ძალაუფლების შენარჩუნება სურს. 

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ სუსის მსგავსი განცხადებები არახალია და რომ წარსულში მსგავსი საკითხების გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია. შესაბამისად, ბესელია ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა “მორიგი რეპრესიებისთვის დაწყებული გამოძიება” იყოს. 


გასული წლის ოქტომბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი ბრალდება გააჟღერა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით სერბეთის მოქალაქეები ჩამოვიდნენ, რომლებიც საქართველოს „კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლის“ მიზნით აქტივისტებს ტრენინგებს უტარებდნენ. სუსის ინფორმაციით, სერბეთის მოქალაქეები წარმოადგენენ ორგანიზაცია CANVAS-ის მმართველ რგოლს. USAID-მა და CANVAS-მა განაცხადეს, რომ ტრენინგები მიზნად ისახავდა სამოქალაქო აქტივიზმის არაძალადობრივი მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ადამიანების ტრენინგს იმის შესახებ, თუ როგორ ისაუბრონ იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი ოჯახისა და თემისთვის.მოგვიანებით, სუსმა დაკითხვაზე დაიბარა ტრენინგის მონაწილეები – საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. საქმეზე არავინ დაუკავებიათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button