აშშ საქართველოს ხელისუფლებისთვის 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას აჩერებს
აშშ-სა და საქართველოს შორის „ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის“ შედეგად, შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებისთვის, დაახლოებით, 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას აჩერებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადახედვა, რასაც საქართველოს ხელისუფლების „ანტიდემოკრატიული ქმედებები“ უძღოდა წინ, 23 მაისს დააანონსა. განცხადებაში, რომელიც ვაშინგტონის კორესპონდენტმა ალექს რაუფოღლუმ ტვიტერზე გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ „საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ყალბი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ნორმებს“.
საქართველოს ხელისუფლებისთვის დახმარების შეჩერების მიუხედავად, აშშ პირობას დებს, რომ „კვლავ გაუწევს დახმარებას იმ პროგრამებსა და აქტივობებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას მოუტანს სარგებელს, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებით“.
„ჩვენს ორ ქვეყანასა და ჩვენს მოქალაქეებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის 32 წლის განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა 6.2 მილიარდ დოლარზე მეტის დახმარება უზრუნველყო, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში. „ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს თავდაცვის ძალების და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და მომზადებას, აშენდა სკოლები და საავადმყოფოები, გადამზადდნენ მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და სამედიცინო პროფესიონალები. ჩვენ ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულნი დავრჩებით“.
23 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, ასევე აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ზედმიწევნით გადახედვა დააანონსა. შეზღუდვები შეეხება იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩახშობაზე ძალადობის ან დაშინების გზით.
მოგვიანებით, 5 ივნისს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოში მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე დაგეგმილი სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ განუსაზღვრელი ვადით გადადების შესახებ გაავრცელა განცხადება. განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში იქნა მიღებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)