ახალი ამბები

ბორელი, ვარჰეი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს ევროპულ გზაზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი 17 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ „მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია და ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ  გზაზე“.

„ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მათი თქმით, „საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშის წევრობისკენ. შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა შეზღუდოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფლი მუშაობის შესაძლებლობა, ასევე გამოხატვის თავისუფლება და მოახდინოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზირება“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ევროკავშირის არაერთი მოწოდების უარი ეთქვა  მსგავს კანონმდებლობაზე და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა, პარლამენტმა კანონპროექტის მაინც დაუჭირა მხარი. „ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს – ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button