skip to content
ახალი ამბები

ზახაროვა: რუსეთი მზადაა მხარი დაუჭიროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის მცდელობებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 26 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის გაჰყვეს რუსეთ-საქართველოს „ნორმალიზაციის“ გზას და მხარს დაუჭერს თბილისის ნებისმიერ წამოწყებას ამ მიმართულებით. კითხვაზე, თუ როგორ აფასებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ მოწოდებას საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე და მზად არის თუ არა რუსეთი გადადგას ეს ნაბიჯი, თუ საქართველო ასეთი ინიციატივით გამოვა, ზახაროვამ უპასუხა: „ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ეს (ურთიერთობების ნორმალიზაცია) ჩვენი ორი ხალხის ინტერესებშია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაციას. ამ კონტექსტში მივესალმებით პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ინიციატივას. ჩვენ მზად ვართ მივყვეთ ამ გზას“.

მან ასევე განაცხადა: „შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი რუსეთი არ ყოფილა. ეს სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივით მოხდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობების აღდგენას პირობები ახლდა თან, რომლებიც ეწინააღმდეგება რეგიონში არსებულ რეალობას“.

ზახაროვას თქმით, „ჯერ კიდევ 2012 წელს საქართველოს ხელისუფლება გამოვიდა წინადადებით ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის დაწყების შესახებ და რუსეთმა მაშინვე დაუჭირა ამას მხარი. ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ეს ჩვენი ორი ხალხის ინტერესებშია, რომელთაც საერთო ისტორია, კულტურა, მჭიდრო ეკონომიკური კავშირები და ადამიანების ბედი აკავშირებთ“.

მანამდე, 2023 წელს დაარსებული პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენლებმა პრეზიდენტ პუტინს მიმართეს თხოვნით, რომ სრულად გაუქმდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, ასევე ამნისტია იქნას შემოღებული იმ პირებისთვის, ვინც იძულებული გახდნენ რუსეთში დარჩენის წესები დაერღვიათ. გარდა ამისა, ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების წესების შემსუბუქება მოითხოვეს. პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარემ მიხეილ ჟღენტმა იმედი გამოთქვა საქართველოსა და რუსეთს შორის ოფიციალური კონტაქტებისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს რუსეთის შემოჭრის და 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ასევე კარასინი-აბაშიძის ფორმატში, 2012 წლიდან. 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა გააუქმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button