ევროკავშირი კატეგორიულად გმობს აქციის მონაწილეების, პოლიტიკოსების, სსო-ებისა და მედიის წინააღმდეგ თავდასხმებს
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ „კატეგორიულად“ დაგმო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ „დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ქმედებები“ და განაცხადა, რომ „ეს არის სასტიკი ქმედებები და ეს სასტიკი ქმედებები ასევე ვიხილეთ გუშინდელი ღამიდან დღემდე“.
„ის, რაც ჩვენ საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვიხილეთ ხელისუფლების მხრიდან, განსაკუთრებით პოლიციის მხრიდან რეაგირების თვალსაზრისით, იყო ძალადობა“, – განაცხადა სტანომ 13 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს ხალხის მიერ პროტესტის გამოხატვის უფლების დაცვა, ასევე გამოიძიოს ყველა შესაძლო გადაცდომა და დარღვევა. სტანომ იმედი გამოთქვა, რომ ყველა, ვინც ამგვარ ქმედებებზეა პასუხისმგებელი, კანონის წინაშე წარსდგება.
რაც შეეხება ევროპარლამენტარების თხოვნას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის მიმართ, რომ მოამზადოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირთა მიმართ, ვინც „ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს“, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ სანქციების საკითხი ბორელის გადასაწყვეტი არ არის. „სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ წევრი სახელმწიფოები, როდესაც ისინი მიაღწევენ კონსენსუსს, რომ სხვა არაფერი მოიტანს სასურველ შედეგს. ჯერ აქამდე არ მივსულვართ. საქართველო, ბოლოს და ბოლოს, კანდიდატი ქვეყანაა“, – აღნიშნა პრესსპიკერმა და დასძინა,რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ „ძალიან მკაფიოდ და ხმამაღლა ისაუბრა იმაზე, თუ რას ფიქრობენ არსებული სიტუაციის შესახებ, განსაკუთრებით უცხოური გავლენის კანონთან და ე.წ. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით“.
„ვიმედოვნებთ, ველით და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაბრუნდნენ ევროპულ გზაზე და შეასრულონ ყველა ვალდებულება, რაც მათ ნებაყოფლობით აიღეს, როდესაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინეს“, – აღნიშნა პიტერ სტანომ.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/05/2024 – ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოს სტუმრობენ
- 13/05/2024 – შსს: 20 პირი, მათ შორის სამი უცხოელია დაკავებული
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)