საია შეურაცხმყოფელი ენის შემცველი სატელეფონო ზარების გამო შეშფოთებას გამოხატავს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) შეშფოთება გამოხატა სიძულვილისა და შეურაცხმყოფელი ენის შემცველი სატელეფონო ზარების სიხშირის გამო, რომელთა ადრესატებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები არიან და განაცხადა, რომ შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.
8 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, საიამ აღნიშნა, რომ 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) მისამართით სატელეფონო ზარების მიღება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით.
„ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება“, – აცხადებს საია.
ორგანიზაცია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილს, და, ასევე, მოცემულ საკითხზე სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა, დაინტერესდნენ ამ მოვლენით, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ, და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, პოზიცია.
საია-ს განცხადების შემდეგ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ ის მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)