„უცხოელი აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ლევან ხაბეიშვილი სასტიკად სცემა
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ 30 აპრილი – 1 მაისს გამართულ აქციაზე, პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი სასტიკად სცემა. მას სახეზე მრავლობითი სისხლჩაქცევები და ჭრილობები, ასევე თვალისა და ცხვირის დაზიანებები აღენიშნება. მომხდარიდან მალევე, ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა და განაცხადა, რომ „ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს“.
ინციდენტის შემდეგ, როდესაც ხაბეიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისმა ადვოკატმა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პოლიცია ხელს უშლის მას თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებაში.
მეორე დღეს, როდესაც პარლამენტმა სადავო კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა განაგრძო, ხაბეიშვილი პარლამენტში ინვალიდის ეტლით მივიდა, მიუხედავად მკაცრი რეკომენდაციისა, რომ საავადმყოფოში უნდა დარჩენილიყო.
პლენარული სხდომის დაწყებისას ხაბეიშვილმა დეპუტატებს მიმართა და წინა ღამით მისი დაკავების დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, ინტერვიუს მიცემის დროს დაინახა, რომ სპეცრაზმს ახალგაზრდა მიყავდა. მისი თქმით, იგი მივიდა მათთან და უთხრა, არ წაეყვანათ ახალგაზრდა. სწორედ მაშინ დააკავეს იგი პოლიციელებმა. ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია მასზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა ეთქვა, რომ „ჩმორია“, ემუქრებოდა ცემით, თუ ამას არ გააკეთებდა და უარის თქმის შემდეგ, იგი რამდენიმე პოლიციელმა სცემა. მისი თქმით, მას დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში სცემდნენ.
ხაბეიშვილის თქმით, მას უთხრეს, რომ „გრძელი ენა“ აქვს და რომ მუდმივად აკრიტიკებს ხელისუფლებას.
„ეს არის რუსეთი, რასაც ახლა ხედავთ ჩემს ტანზე და ჩემდა სამწუხაროდ ასე გაიღვიძა ძალიან ბევრმა ბავშვმა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
„მე შეიძლება ამ თვალიდან ვერ გამოვიხედო, მაგრამ ქვეყანა გამოიხედავს ხუთი თვის მერე“, – განაცხადა დეპუტატმა და მმართველ უმრავლესობას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდა.
უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა წინა ღამის საპროტესტო აქციის შეფასებისას განაცხადეს, რომ სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 63 ადამიანი დააკავეს აქციის დროს, რომლის დროსაც სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა, პარლამენტი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას განაგრძობს. მოგვიანებით, დეპუტატები კანონპროექტს კენჭს უყრიან. დედაქალაქში საპროტესტო აქცია დღესაც იგეგმება და ამჯერად მომიტინგეებს კანონპროექტის მოწინააღმდეგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)