ახალი სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპა“ პრეზენტაციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო
11 ივლისს ახალი სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული მომავლის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვაა. ორგანიზატორთა თქმით, კამპანია „100 დღე გამარჯვებამდე“, რომელიც 18 ივლისიდან დაიწყება და არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს დასრულდება, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს მოქალაქეებს და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მოიცავს. კამპანიის მიზანი პრო-დასავლური ამომრჩევლების მობილიზებაა.
მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან ხათუნა ლაგაზიძე, უსაფრთხოების ექსპერტი; ლელა ჯეჯელავა, თსუ-ს პროფესორი; გიორგი რუხაძე, ექსპერტი ევროპული პოლიტიკის საკითხებში; ლაშა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ივა ჭყონია, ბიზნესმენი.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 100 დღე რჩება, რათა საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას და უპასუხოს ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული გზის „გაყინვას“. მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნები არის „რეფერენდუმი“ ქვეყნის ბედის შესახებ. „ამ რეფერენდუმში საქართველოს საზოგადოებაა ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელსაც უზურპაცია გაუკეთა ჩვენს მომავალს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
„შეჩერდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ნატოს სამიტის დეკლარაციაში საქართველოსთან პარტნიორობაზე აღარაა საუბარი. ვკარგავთ ყველაფერს, რაზეც დღემდე დგას ქართული სახელმწიფო…“, – განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ და დასძინა, რომ „ჩვენი ერთობა ღიაა ყველასთვის, ვინც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უჭერს მხარს“.
ლაგაზიძემ ასევე განაცხადა, რომ მოძრაობის მისია გასცდა მოახლოებულ არჩევნებს, და წამოაყენა იდეა, შეიქმნას სტრატეგიული დიალოგის პლატფორმა საქართველოს განვითარების გრძელვადიანი გეგმის ჩამოსაყალიბებლად.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)