skip to content
ახალი ამბები

ანტიკორუფციულ ბიუროს მოძრაობა „აირჩიე ევროპას“ საბანკო ინფორმაციაზე წვდომის უფლება მიენიჭა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გავრცელებული ინფორმაციით, ანტიკორუფციულ ბიუროს სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპა“ დამფუძნებლებისა და ფიზიკური პირების პირად მონაცემებსა და საბანკო ინფორმაციაზე წვდომის უფლება მიანიჭა. ორგანიზაციის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ 13 სექტემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებას „აბსოლუტურად უკანონო“ უწოდა და განაცხადა, რომ მას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპა“ პრეზენტაცია 11 ივლისს გაიმართა და მას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული მომავლის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვაა. ორგანიზატორთა თქმით, კამპანია „100 დღე გამარჯვებამდე“, რომელიც 18 ივლისიდან დაიწყო და არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს დასრულდება, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს მოქალაქეებს და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მოიცავს. კამპანიის მიზანი პრო-დასავლური ამომრჩევლების მობილიზებაა.

კოჟორიძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, ანტიკორუფციულ ბიუროს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია წვდომა ჰქონდეს ამა თუ იმ პირის ინფორმაციაზე, თუ „ეს პირი არის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტი“. კოჟორიძემ განმარტა, რომ მოძრაობა და მისი წევრები ვერ ჩაითვლებიან გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად, რადგანაც ისინი არ იყრიან კენჭს არჩევნებში და არც ხელისუფლებაში მოსვლისკენ ისწრაფვიან.

„ჩვენ ვამბობთ იმას, რომ კანონი, რომელიც არეგულირებს ამ საკითხებს, მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას ამბობს მარტივ რაღაცას, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია წვდომა ჰქონდეს ანტიკორუფციულ ბიუროს ამა თუ იმ პირის ინფორმაციაზე, თუ ეს პირი არის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტი და ჩვენ ვსვამთ ძალიან მარტივ კითხვას, რომ ფიზიკური პირები – ნიკოლოზ შურღაია, ივა ჭყონია [მოძრაობის დამფუძნებლები] ან ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, არიან გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები?“, – აცხადებს კოჟორიძე.

მისი თქმით, „ამ კითხვაზე პასუხი არის თვითონ კანონში, რომელიც ამბობს, რომ გაცხადებული საარჩევნო მიზანი იმ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს პირს, თუ მას აქვს გაცხადებული არჩევნებში მონაწილეობა და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა. არსად არასდროს აირჩიე ევროპას, ისევე როგორც ფიზიკურ პირებს, არ გაუკეთებიათ განცხადება ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა მან.

„კანონმდებლებმა მაისში კანონში შეიტანეს იმგვარი ცვლილება, რომელიც ამ კანონს აქცევს რუსულ კანონზე უფრო მძლავრ ბერკეტად და ეს არის პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ჩრდილოეთ კორეული კანონი. საქართველო ამ კანონით მიემართება სრული გაფორმებული დიქტატურისკენ. ამიტომ ჩვენი პირდაპირი უფლება და მოვალეობაა, ვიბრძოლოთ ჩვენი მოქალაქეების დაცულობისთვის”, – განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ.

13 სეტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ცვლილებები 2012 წლამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული და მას შემდეგ ძალაშია.

მან ასევე განაცხადა, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სათანადოდ გამოიძიოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა პარტიების უკანონო დაფინანსებასთან იყოს დაკავშირებული.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „აირჩიე ევროპა“ აგიტაციას ახორციელებს, რომ ამომრჩევლებმა „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ დაუჭიროს მხარი. მას მხედველობაში ჰქონდა ოთხი პარტია – „ერთიანობა საქართველოს გადასარჩენად“, კოალიცია „ძლიერი საქართველო“, კოალიცია ცვლილებისთვის და პარტია „საქართველოსთვის“. კობახიძემ დასძინა, რომ მოძრაობას ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნება სურს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობს არჩევნების უკანონო დაფინანსების ნიშნები, თუმცა ამას შესაბამისი ორგანო განსაზღვრავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button