საია პრემიერ-მინისტრის ლექციის დროს თსუ-სთან ახალგაზრდებზე თავდასხმას ეხმაურება, პოლიციის ქმედებას არაჯეროვანს უწოდებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია ) განაცხადა, რომ 18 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ლექციამდე სტუდენტები ელოდებოდნენ, რათა მშვიდობიანად გაეპროტესტებინათ რუსული კანონი. თუმცა, მათ წინასწარ ორგანიზებული ჯგუფები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც „მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს“. საია აცხადებს, რომ ადგილზე მომხდარ დანაშაულზე მანამდე მობილიზებულ პოლიციელებს სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენიათ, და პროკურატურას ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც ამასთანავე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ლექტორია, შაბათობოთ უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ლექციებს კითხულობს. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტების ჯგუფი დღეს „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გეგმავდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი უნივერსიტეტში ლექციას კითხულობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ სტუდენტებს წინასწარ ორგანიზებული, ხელისუფლების მომხრე ძალადობრივი ჯგუფები დაუპირისპირდნენ, რომლებიც სტუდენტებს სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ, როგორც ჩანს, არაფერი მოიმოქმედა. ზოგიერთმა პოლიციელმა თავდასხმის ფაქტი საერთოდ უარყო. პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ დაცვის თანამშრომლებთან ერთად უნივერსიტეტის დატოვებისას ჟურნალისტებთან მომხდარზე კომენტარი არ გააკეთა.
„ადგილზე მომხდარ დანაშაულზე მანამდე მობილიზებული პოლიციელების რეაგირება უმოქმედობაში, ან, არაჯეროვან მოქმედებაში, ადგილობრივად გაშველებაში შემოიფარგლა, ხოლო, მოძალადე პირთა მიმართ არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ გატარებულა“, – აცხადებს საია.
ორგანიზაციის თქმით, სტუდენტები საუბრობენ, რომ ბოლო დღეებში მათზე და მათი ოჯახის წევრებზეც ხორციელდება სატელეფონო მუქარა, დაშინების მცდელობები, მათ მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის, რუსული კანონის გაპროტესტების გამო, რაც ასევე „შემაშფოთებელია“.
საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ადგილზე მობილიზებული პოლიციელების მიერ არაჯეროვანი რეაგირების გამო, თავად დაიწყოს გამოძიება და „ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებულ დევნა / ძალადობაზე“.
ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, დაიცვას სტუდენტების მშვიდობიანი შეკრების უფლება, მიიღოს ზომები მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს სტუდენტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
ასევე წაიკითხეთ:
- 12/05/2024 – განახლება: „უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებულ ბოიკოტს რამდენიმე სტუდენტური ჯგუფი შეუერთდა
- 11/05/2024 – აქციის მონაწილეთა მიმართ დაშინების ორკესტრირებული კამპანია მიმდინარეობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)