skip to content
ახალი ამბები

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჟურნალისტებზე თავდასხმების გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვენ

მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე ჟურნალისტებზე თავდასხმების რაოდენობის ზრდას ეხმიანება და მოუწოდებს ხელისუფლებას თითოეული შემთხვევა „გამჭვირვალედ“ გამოიძიოს, ჩააგდოს კანონი, რომელიც, ორგანიზაციის თქმით, „ძირს უთხრის ინფორმაციის თავისუფლების უფლებას“.

RSF აღნიშნავს, რომ 3 აპრილიდან მოყოლებული, როდესაც მმართველმა პარტიამ კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა, 12-ზე მეტი ჟურნალისტი, რომელთა გვარებიც პრესრელიზშია მითითებული, გახდა ძალადობისა და დაშინების მსხვერპლი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ პოლიციამ, რომელიც მას შემდეგ თბილისში საპროტესტო აქციების დროს დიდი რაოდენობითაა მობილიზებული, თავი არ შეიკავა მათი „ძალადობრივად ჩახშობისგან“.

RSF ჟურნალისტებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, მათ შორის 17 აპრილს, როდესაც სპეცრაზმი დაედევნა ონლაინ მედიის სამ ჟურნალისტს და ერთ აზერბაიჯანელ ბლოგერს და სცემეს ისინი. RSF შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად ხარაზიშვილს ახსენებს, რომელიც „ხარებას“ სახელითაა ცნობილი, და ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სადამსჯელო ზომებითაა ცნობილი.

ორგანიზაცია ასევე ხაზს უსვამს ზეწოლისა და დაშინების შემთხვევებს. დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში, აღნიშნავს RSF, ქართული ოცნების წარმომადგენლები მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს ადანაშაულებენ იმაში, რომ მათ უცხოური მთავრობები უხდიან ფულს.

RSF ასევე აღნიშნავს ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში პოლიციის ჩარევის შემთხვევებს, მათ შორის მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენების ან ადგილზე მოვლენების გაშუქებისას სურათების გადაღების აკრძალვის შემთხვევებს. გარდა ამისა, RSF აღნიშნავს IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმის შემთხვევას, რომლის დროსაც ოპერატორს ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ქუჩაში.

ფიზიკური თავდასხმების შემთხვევებთან ერთად, RSF ასევე ამახვილებს ყურადღებას მთავარი რედაქტორების დაშინების შემთხვევებზე ორკესტრირებული კამპანიის ფარგლებში, რა დროსაც შენობებზე, სადაც მათი ორგანიზაციებია განთავსებული, პლაკატები გააკრეს და მათ მოღალატეებად და უცხოელ აგენტებად მოიხსენიებდნენ.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟანა კაველიემ განაცხადა: „სიტუაცია საქართველოში განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ძალას იყენებენ, პოლიციის მხრიდან ძალადობა მძაფრდება, ხოლო ჟურნალისტები მათთვის განტევების ვაცები ხდებიან. RSF მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს ეს ძალადობა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატაროს, ასევე „უცხოელი აგენტების“ კანონის გააუქმოს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button