აქციის მონაწილეთა მიმართ დაშინების ორკესტრირებული კამპანია მიმდინარეობს
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის დაწყების დღიდან, დაუდგენელ პირთა მხრიდან მომიტინგეთა დაშინების არაერთ მცდელობას ჰქონდა ადგილი, ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები, ცემა და მათი სახლებისა და ოფისების წინ პოსტერების გაკვრა, რომლებზეც აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და პოლიტიკოსების ფოტოებია ასახული წარწერით „აგენტი“ და „ერის მტერი“. როგორც ჩანს, ამგვარი ქმედებები „ქართული ოცნების“ ოპონენტების დაშინების კარგად ორგანიზებული კამპანიის ნაწილია. იმავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 8 მაისს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შექმნას მონაცემთა ბაზა, სადაც „თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს.“
8 მაისს გვიან საღამოს სცემეს ნაციონალური მოძრაობის წევრი და გამგეობის წევრი დიმიტრი ჩიქოვანი, მიმდინარე აქციის ერთ-ერთი აქტივისტი, ბაიკერთა მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ღვინიანიძე და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გია ჯაფარიძე. ცემის ყველა ფაქტი ადამიანის იმ ჯგუფის მიერ განხორციელდა, რომელთაც სავარაუდოდ ჰქონდათ ინფორმაცია სამიზნეების გადაადგილების მარშრუტის შესახებ და ელოდნენ მათ. უფრო ადრე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა ასევე სცემეს.
- 09/05/2024 – თბილისის ქუჩებში აქტივისტებზე თავდასხმა განხორციელდა
ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრი აქტივისტი, ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, ისევე როგორც რიგითი მოქალაქეები, რომლებიც “უცხოელი აგენტების” კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობდნენ, შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარების ადრესატები გახდნენ, რა დროსაც მათ და მათი ოჯახის წევრებს დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. თავდაპირველად, ადრესატებს ეკითხებოდნენ წაკითხული ჰქონდათ თუ არა კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ და შემდეგ აგინებდნენ.
თავდაპირველად ზარები უცხოეთის ნომრებიდან შემოდიოდა. მოგვიანებით კი სოციალურ მედიაში დაიწერა, რომ ზარები ქართული ნომრებიდანაც შემოდიოდა. ზარის განმახორციელებლები ადრესატის სახელსა და მისამართს ასახელებდნენ და ცემით ემუქრებოდნენ.
გავრცელდა ასევე ვიდეო და ფოტომასალა, სადაც ჩანს დაზიანებული მოტოციკლები, რომლებიც იმ ბაიკერებს ეკუთვნით, რომელთაც ბაიკერების მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
9 მაისის დილას პოსტერები გაჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების ოფისებსა და სახლებზე, სადაც ეს ადამიანები „აგენტებად“, „ერის მტრებად“, „ნაცების დაქირავებულებად“ იყვნენ მოხსენებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)