skip to content
ახალი ამბები

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მესამე დღე: შეჯამება

17 აპრილს, თბილისის ცენტრში, მოქალაქეები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციების მესამე დღეს შეიკრიბნენ. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი (ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო), სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა და ოპოზიციამ მოქალაქეებს 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდეს, რათა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტი გამოეხატათ.

ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი გამოეხმაურა მოწოდებას და კანონპროექტის უკან გაწვევა მოითხოვა. საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით ხელში, მომიტინგეები ხელისუფლების წარმომადგენლებს „რუსების მონებად“ მოიხსენიებდნენ. მათ ხელში ეკავათ პლაკატები, სადაც ნახსენები იყო 83 დეპუტატი, რომლებმაც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას დაუჭირეს მხარი.

მას შემდეგ, რაც აქციის ორგანიზატორებმა დაგმეს კანონპროექტი და მმართველი პარტია, მათ ხელისუფლებას ერთი საათის ვადა მისცეს კანონპროექტის უკან გასაწვევად.

როგორც მოსალოდნელი იყო, აქციის მონაწილეთა მოთხოვნის საპასუხოდ ხელისუფლება დუმდა, ამიტომ აქციის ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ გაემართა აქციის მონაწილეთა გათავისუფლებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით. ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს, რაც ასეც მოხდა.

იმავდროულად, აქციის მონაწილეების მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლამდე რამდენიმე საათით ადრე, კობახიძემ განაცხადა, რომ მზად იყო კანონპროექტის თაობაზე დებატები გაემართა ყველასთან, მათ შორის უცხოელ ელჩებთან და პოლიტიკოსებთან. თუმცა, გუშინ ის აქციის მონაწილეებს არ შეხვედრია.

პრემიერ-მინისტრს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში იმყოფებოდა, და მის ადმინისტრაციას პოლიცია იცავდა. ხალხმა სიმშვიდე შეინარჩუნა, თუმცა სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო პროვოკაციების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი მოქალაქის დაკავების შესახებ გაავრცელა განცხადება.

ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელიც წინა დღეს თავს დაესხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს,  მამუკა მდინარაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის წარდგენისას, პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული ყავდა, როგორც თავად ელისაშვილმა განაცხადა. პოლიციამ ცემისას ნეკნი ჩაუმტვრია. დეპუტატს სახეზე და სხეულზე  დაზიანებები აღენიშნება.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან დაბრუნდა, ნაწილი კი მთავრობის ადმინისტრაციასთან დარჩა, სადაც ისინი 18 აპრილის დილამდე დარჩნენ. დილით პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიები ცარიელი იყო, მაგრამ პროტესტი ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, გაგრძელდება, ვინაიდან, მასობრივი საერთაშორისო და შიდა პროტესტის მიუხედავად, მმართველი პარტია კანონმდებლობის მეორე და მესამე მოსმენებით პარლამენტში გატანას გეგმავს.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button