skip to content
ახალი ამბები

პოლიცია მამაკაცს საკუთარ მანქანაში სასტიკად გაუსწორდა

10 მაისის ღამეს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელმაც ფართო საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია. ვიდეოში ჩანს, როგორ სცემს მოქალაქეს საკუთარ მანქანაში პოლიციის ჯგუფი თავისი ცოლის თანდასწრებით. ინციდენტი თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მოხდა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მამაკაცი თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობდა და ცალმხრივ ქუჩაზე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ პოლიციის ავტობუსს გადაეკვეთა. ინციდენტის თვითმხილველების თქმით, როდესაც მამაკაცმა, სავარაუდოდ, უარი თქვა ავტობუსისთვის გზა დაეთმო, რამდენიმე პოლიციელი გადმოვიდა და მას ფიზიკურად გაუსწორდა, რა დროსაც თავში დაუნდობლად ურტყეს მუშტები. მამაკაცის მეუღლე, რომელიც მანქანის წინა სავარძელზე იჯდა, პოლიციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის თვითმხილველი გახდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 11 მაისს განაცხადა, რომ მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალის ან იარაღის გამოყენებით გადამეტებას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით 11 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა „არ გაითვალისწინა სამართალდამცველების არაერთი თხოვნა გაეტარებინა მანქანა და ხელი შეუშალა მათ გადაადგილებაში“. „მიუხედავად იმის რომ ავტობუსი შეეცადა გადაადგილების მიზნით გვერდი აევლო აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისთვის, მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირებმა არ მისცეს ავტობუსს აღნიშნულის საშუალება, რასაც მოჰყვა მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, სადაც საერთოდ არ არის ნახსენები პოლიციის სისასტიკეზე.

მსგავსი/Related

Back to top button