ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი წამებში მიიღო

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მიერ ღამით გამართული საპროტესტო აქციის ფონზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 13 მაისს დილას განაცხადა, რომ მესამე და საბოლოო მოსმენით კენჭი უყარა კანონპროექტს. კანონპროექტის განხილვა არ გამართულა და კენჭისყრა 55 წამში გაიმართა. ოპოზიციონერი დეპუტატების უმეტესობა პარლამენტის შენობის წინ პოლიციამ შეაჩერა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც სრულად არ იყვნენ წარმოდგენილნი. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კენჭისყრა მაშინ დაიწყო, როდესაც დეპუტატები ჯერ კიდევ ადგილებს იკავებდნენ. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მესამე მოსმენის დროს კანონის სიცხადისთვის მხოლოდ ტექნიკური რედაქტირებაა შესაძლებელი და არსებითი ცვლილებების მიღება დაუშვებელია.

კომიტეტის სხდომა პარლამენტთან ღამის საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა, სადაც თან ახლდა პოლიციის სისასტიკე და დაკავებები.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა კანონის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღებას 14 მაისს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

ოპოზიციის რეაგირება

სალომე სამადაშვილი, ლელო: „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ არ გვყოლია ხელისუფლება, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო საკუთარი თავის დელეგიტიმაცია. ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა. ხელისუფლება წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ. თუ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს, მოხდება მათი საერთაშორისო დელეგიტიმაცია იმიტომ, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმი, რომელიც დაუწესდება უკლებლივ ყველა დეპუტატს, რომელიც მხარს დაუჭერს ამ კანონს, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენენ რუსეთის წარმომადგენლები და არა საქართველოსი“.

ხატია დეკანოიძე, ევროოპტიმისტები: „„ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს, საშუალება არ მოგვეცა, რომ სხდომას დავსწრებოდით, რადგან პოლიციელებმა გარეთ შეგვაყოვნეს. სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში, ანუ ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც ვერ მოასწრეს შესვლა, მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარე ოხანაშვილი შევიდა და რამდენიმე ადამიანი, ვითომ, ლეგიტიმაცია მიანიჭეს. ეს არის არალეგიტიმური სხდომა, ყველა იმ ადამიანმა, ვინც ახლა გარეთაა, უნდა იცოდეს, რომ საქართველოს პარლამენტი, „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი ამ კანონის მიღებას და გათრევას აპირებს არალეგიტიმაციით, არალეგიტიმური სხდომებით, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით“.

თეონა აქუბარდია, დამოუკიდებელი დეპუტატი: „ივანიშვილმა, რომელიც გვპირდებოდა გასაოცარ დემოკრატიას, იმგვარ დემოკრატიას, რომლითაც ევროპას გააოცებდა, ნამდვილად შეასრულა. კანონი შემოიტანა, რომელიც ასრულებს ქვეყანაში დემოკრატიას, ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ზუსტად 09:01 საათზე, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები შედიოდნენ დარბაზში და ჩვენც [ოპოციზია] ვაპირებდით შესვლას, კომიტეტის სხდომა დაასრულეს. ზუსტად წუთ-ნახევარი დასჭირდათ იმისთვის, რომ მიეღოთ „რუსული კანონი“ და სწორედ ესეც აჩვენებს „ქართული ოცნების“ შიშს და მათ განზრახულობას, რომ საქართველო აქციოს რუსეთის გავლენის ქვეყნად, რასაც დარწმუნებული ვარ, საქართველოში არავინ შეეგუება და არ დაუშვებს. წინააღმდეგობა გაგრძელდება, არათუ კანონის გაწვევამდე, არამედ იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“, რომელიც კრემლის დავალებების შემსრულებლად იქცა ქვეყანაში, არ დატოვებს ძალაუფლებას“.

თინა ბოკუჩავა, ნაციონალური მოძრაობა: „მორიგ ჯერზე დაარბიეს, უმოწყალოდ სცემეს მშვიდობიანი მომიტინგეები იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიის დეპუტაცია მალულად და მოღალატეობრივად შემოეპარებინათ და შემდეგ გაეპარებინათ პარლამენტის შენობიდან… ხვალაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის 83-მა მოღალატემ ვერ მიიღოს აღნიშნული კანონი. მივესალმებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ არანაირი მოტივირებული შენიშვნები არ იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური და პრინციპული ვეტო, რომელიც უერთდება, ასახავს, ქართველი ხალხის ნებას, რომ ეს კანონი უნდა იყოს გაწვეული“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button