
Amnesty International გმობს საქართველოს ხელისუფლების ძალადობას და საერთაშორისო საზოგადოებას მოქმედებისკენ მოუწოდებს
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International საპროტესტო აქციებზე საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი რეაგირების შესახებ მკაცრი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ხაზს უსვამს პოლიციისა და მასთან დაახლოებული ჯგუფების მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას დემონსტრანტების მიმართ, ძალადობის შემთხვევების დაუყონებლივ და გამჭვირვალე გამოძიებისკენ და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებები.
ანგარიშში მოცემულია საპროტესტო აქციების დროს დაზარებულთა ჩვენებები. მათ შორის არიან ჟურნალისტები მარიამ ნიკურაძე, ზვიად მაისაშვილი, დავით ცაგარელი, დავით აბულაძე, ლაზარე მაღლაკელიძე, გიორგი ჩუტკერაშვილი, გია ჯვარშეიშვილი, ნათია ძიძიგური, ავთანდილ ტიტვინიძე, ზვიად რატიანი, მაკა ჩიხლაძე და მინდია გაბაძე. ჩვენებებსა და მრავალრიცხოვან ცნობებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოიძია და პასუხისგებაში არ მისცა დამნაშავეები, ხოლო დაზალარებულებს არ აქვთ წვდომა მართლმსაჯულებაზე, საქართველოს სამართალდამცავ და სისხლის სამართლის სისტემებში ღრმად ფესვგადგმულ დაუსჯელობაზე მიუთითებს.
Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ძალადობის ესკალაციისა თავიდან აცილებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით. ორგანიზაცია ამბობს, რომ ყველა პასუხისმგებელმა პირმა, მათ შორის სამეთაურეო დონის ოფიცრებმა პასუხი უნდა აგონ. ის ასევე მოითხოვს „დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ გათავისუფლდეს ყველა ის პირი, რომელიც ადამიანის უფლებების მშვიდობიანი გამოყენებისთვის დააკავეს.
ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ევროკავშირსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის:
- დაგმონ გადაჭარბებული ძალის გამოყენება: მტკიცედ და თანმიმდევრულად ისაუბრონ საქართველოს ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის წინააღმდეგ;
- მოითხოვონ პასუხისმგებლობა: მოსთხოვონ საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს ძალადობა, გაათავისუფლოს დაკავებული მომიტინგეები და უზრუნველყოს სამართლიანობა დაზარალებულთათვის;
- ხელი შეუწყონ გაეროს ფაქტების დამდგენი მისიების განხორციელებას საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესაფასებლად;
- მხარი დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოებას: მოითხოვონ ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდასხმების გამოძიება და მათი მუშაობის უზრუნველყოფა.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/12/2024 – ეუთოს სამეული გმობს საქართველოში პროტესტის ძალადობრივ ჩახშობას და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს
- 12/12/2024 – საერთაშორისო უფლებადამცველები ევროკავშირს საქართველოში პრესის თავისუფლების კრიტიკულ მდგომარეობაზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ
- 12/12/2024 – ევროპის საბჭოს 35-ზე მეტი ქვეყანა აცხადებს, რომ ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)