skip to content
ახალი ამბები

პროკურატურამ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ვიტალი გუგუჩიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 5 აგვიტოს, ტელეკომპანია POSTV-ს ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარუდგინა ვიტალი გუგუჩიას, რომლის ვიდეოც, სადაც ის „ხალხის ძალის“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების გამო საყვედურობს, ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ვიტალი გუგუჩიას 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

„ხალხის ძალის“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ანტიდასავლური და ანტილიბერალური დღის წესრიგით ცნობილი პროპაგანდისტული სახელისუფლებო არხის POSTV-ს თანამფლობელია. სწორედ ის მონაწილეობდა ინციდენტში, რომელსაც მაისის ბოლოს ჰქონდა ადგილი, როდესაც ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ დეპუტატთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მას ახალგაზრდა მამაკაცმა ქუჩაში „მონა“ დაუძახა.

სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე გადამღებ ჯგუფთან ერთად სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, ვიტალი გუგუჩიას სახლში მივიდა. ეს უკანასკნელი სოფელში ნათესავის დაკრძალვას ესწრებოდა. ბერიძე ჯაფარიძესა და გუგუჩიას შორის 29 მაისს მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებით დაინტერესდა. „ქართული ოცნების“ კრიტიკოსმა და აგენტების კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტმა ვიტალი გუგუჩიამ დეპუტატ ჯაფარიძეს უსაყვედურა „რუსული კანონის“ მიღების გამო, რომელიც, მისი თქმით, მის ოთხ შვილს ევროპულ მომავალს ართმევს. გუგუჩია მალე სახელისუფლებო მედიის ინტენსიური ცილისმწამებლური კამპანიის სამიზნე გახდა. მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ფარულ ოპერაციებში მონაწილეობაში სდებდნენ ბრალს. ბრალდებები POSTV-ს ჟურნალისტმაც გაიმეორა, რის შედეგადაც დაპირისპირება გუგუჩიასა და ოპერატორს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 31 მაისს, ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ჟურნალისტი ნ.ბ. და ოპერატორი ბ.დ., ვ.გ.-სთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, რესპონდენტის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის სარედაქციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე ვ.გ.-მ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის შედეგად, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვერ შეძლეს“, – აცხადებს პროკურატურა.  

გუგუჩიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შენიშვნა: მასალა განახლდა 6 აგვისტოს 15:58 საათზე და მას სასამართლოს გადაწყვეტილება დაემატა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button