skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციის წევრებსა და ტვ “პირველის“ გადამღებ ჯგუფს სასტიკად გაუსწორდნენ

საქართველოში რეპრესიების ესკალაციის კიდევ ერთ ეპიზოდში, 7 დეკემბერს ე.წ. ტიტუშკები ძალადობრივად თავს დაესხნენ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს, ასევე ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისი დაარბიეს და სულ მცირე ორი წევრი – კობა ხაბაზი და დათა პეტრიდისი სცემეს.

თავდასხმები 7 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა, სწორედ მაშინ, როცა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებისა და მზარდი რეპრესიების წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში ჩანდა, როგორ დაესხნენ თავს ე.წ. ტიტუშკები არხის გადამღებ ჯგუფს, რომელიც ბესიკის ქუჩაზე მას შემდეგ მივიდა, რაც მიიღო ინფორმაცია ტერიტორიაზე ე.წ. ტიტუშკის მიერ ადამიანების ცემის შესახებ. კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს მაკა ჩიხლაძეს უკნიდან და მიწაზე აგდებენ, როცა ის ოპერატორის დაცვას ცდილობს. კიდევ ერთი ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ თვითმხილველმა გადაიღო, ჩანს ოპერატორი გიორგი შეწირული, რომელიც მიწაზე წევს და 6-7 კაცი სასტიკად ურტყამს ფეხებს. დამნაშავეებმა ოპერატორს კამერა, ჟურნალისტს კი მიკროფონი წაართვეს. ნივთები მედიის წარმომადგენლებს აღარ დაუბრუნეს.

იმავდროულად, თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ იქვე მყოფ საპატრულო პოლიციას ძალადობრივ თავდასხმაზე რეაგირება არ მოუხდენია.

ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებულ კადრებში ჩანს პოლიციასა და ე.წ. ტიტუშკებს შორის კოორდინაცია, როდესაც ისინი მოქმედებების გეგმას განიხილავენ, პოლიციის მანქანები კი გზას ხსნიან და ტიტუშკებს თავისუფლად შესვლის საშუალებას აძლევენ.

ჟურნალისტებზე თავდასხმის შემდეგ, შავებში ჩაცმული ტიტუშკები, ნიღბებით დაფარული სახეებით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში შეიჭრნენ, სადაც სულ მცირე ოცი ტიტუშკა კოალიციის ორ წევრს სასტიკად გაუსწორდა, ისინი იატაკზე დააგდეს და ფეხებით სცემეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ მან დაიწყო გამოძიება თავდასხმის ფაქტზე, თუმცა თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ დანაშაულის ადგილზე არც პოლიციის და არც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები არ გამოჩენილან.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებზე და „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ არ აიღეს მომხდარზე პასუხისმგებლობა და განაცხადეს, რომ თავდასხმა თავად ოპოზიციის მიერ იყო წაქეზებული და მათ ინტერესებში, ვისაც ქაოსი და არეულობა სჭირდება.

თავდასხმას საქართველოს პრეზიდენტი თავის X-ის ანგარიშზე გამოეხმაურა ჰეშთეგით „ტერორი საქართველოში“ დაწერა: „ქართული ოცნების სასტიკი რეჟიმი აღარ მალავს თავის ნამდვილ სახეს, პირდაპირ ეთერშიც კი. წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ – ძალადობა და სასტიკი ცემა ჟურნალისტების, რომლებიც უბრალოდ თავიანთ საქმეს აკეთებენ!“

ბოლო საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ძალადობა ჟურნალისტებზე ანგარიშსწორების სისასტიკით და მიზანმიმართული თავდასხმებით ხასიათდება.  „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე დეკემბრის თავდასხმა ახალი გამოვლინებაა იმის გათვალისწინებით, რომ მაკა ჩიხლაძე  შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ცნობილი უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის „მარჯვენა ხელის“, იოსებ (სოსო) მარგველაშვილის შესახებ ცოტა ხნის წინ ეთერში გასული ჟურნალისტური გამოძიების ავტორია. მარგველაშვილი ერთ-ერთი ე.წ. „სიკვდილის ესკადრონის“ მეთაურია, რომელიც თბილისის ქუჩებში დემონსტრანტებს არბევს და შემდეგ დევნის მათ.

წინა კვირას გასულ სატელევიზიო რეპორტაჟში დეტალურადაა აღწერილი მისი დანაყოფის მეთოდები, მათ შორის დაკავებული დემონსტრანტების ცემა, და ნათლად ადასტურებს მის მონაწილეობას ბოლო ძალადობრივ დარბევაში, რომელშიც ყველას, მათ შორის თავადაც, შავი ნიღბები უკეთიათ და მათი ამოცნობა შეუძლებელია.  თუმცა, „ტვ პირველის“ ოპერატორმა მოახერხა მისი გადაღება, ცოტა ხნის წინ ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის შენობასთან ერთ-ერთი აქციის დაშლამდე. როდესაც ის ნიღაბს იკეთებს და მისი სახე კარგად ჩანს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button