ნაცემი იურისტი ჩვენებაში პოლიციის ძალადობასა და ცრუ ჩვენებებზე ამახვილებს ყურადღებას
რედაქციისაგან: ტედ ჯონასი, საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქე, კომერციულ და გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ცნობილი იურისტია. ის დაახლოებით 30 წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს.
პოლიციამ ჯონასი 30 აპრილი-1 მაისის ღამეს, “უცხოური აგენტების” კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე დააკავა და სასტიკად სცემა. სხვა ასობით დემონსტრანტის მსგავსად, ვინც პოლიციის მხრიდან მსგავსი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, მასაც “ხულიგნობისა” და “პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის” გამო ასამართლებენ. სასამართლო საბოლოო ვერდიქტს სავარაუდოდ 24 ივლისს ჩანიშნულ პროცესზე გამოიტანს. პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები ითვალისწინებს ჯარიმას 3000 ლარამდე ან 15 დღემდე პატიმრობას.
ჩვენ ვაქვეყნებთ მის დასკვნით სიტყვას სასამართლო სხდომაზე. რედაქციის აზრით, გამოსვლა კარგად ასახავს იმ პრობლემურ საკონსტიტუციო და სამართლებრივ საკითხებს, რომლებიც თავს იჩენს დემონსტრანტების სამართლებრივი დევნის პროცესში.
ტედ ჯონასის საავტორო კომენტარი: ჩემი დასკვნით სიტყვა სამ მიზანს ემსახურებოდა: პირველ რიგში, მინდოდა შემეხსენებინა მოსამართლისათვის, რომ სასწორის პინაზე საკონსტიტუციო რიგის საკითხების დევს; მეორე, უშუალოდ მოსამართლისთვის მინდოდა მომეხსენებინა, რომ პოლიციამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, განზრახ მისცა ცრუ ჩვენება და გააყალბა დოკუმენტები; და ბოლოს, მინდოდა მომეთხოვა გამამართლებელი განაჩენი იმ სამართლებრივ საფუძველზე, რომ ვინაიდან პოლიციის ჩვენება და ის დოკუმენტები, რომლებსაც დაეფუძნა ჩემი დაკავება და ბრალდება, ყალბია — რაც ჩვენ პროცესზე დავამტკიცეთ – შესაბამისად, მოსამართლეს უბრალოდ არ შეუძლია ჩემს წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
გამოსვლაში არ მიხსენებია სასტიკი ცემა, რომლის მსხვერპლიც გავხდი სპეცდანიშნულების ძალების ხელში. ეს იმიტომ მოხდა, რომ მოსამართლის გადაწყვიტა, არ დაეშვა ამ თემაზე მითითებები პროცესის მიმდინარეობისას, გადაწყვიტა რა, რომ ეს არ ეხება ჩემს ჩემდამი წარდგენილი ბრალდებებს.
კიდევ ერთი კომენტარი, რომელიც არ იყო რელევანტური სასამართლო პროცესზე, თუმცა მართებულია სარედაქციო სტატიაში. ყველა ნაცემ და დაპატიმრებულ დემონსტრანტს რომ ჰქონდეს ისეთი კარგი ადვოკატის ყოლის საშუალება, როგორიც მე მყავს – უფასოდ მიცავს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, სანდრო ბარამიძე – და შეეძლოს ბრალდების მხარესთან დაპირისპირება ისე, როგორც ეს ჩვენ შევძელით ჩემს საქმეში, მაშინ “ქართული ოცნების” უკანონო სამართლებრივი დევნის ქარხანა უბრალოდ გაიჭედებოდა.
ამას მყარი მიზეზი აქვს: ეს საქმეები არაკონსტიტუციურია, ეფუძნება გაყალბებულ და არასაკმარის მტკიცებულებებს. ან სისტემამ პროცესი უნდა აწარმოოს სამართლებლივი პროცედურების დაცვით, ანდა ყველასათვის (მათ შორის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, სადაც ყველა ეს საქმე საჩივრდება) ცხადი გახდება, რომ ეს სასამართლო კი არაა, არამედ საქმე გვაქვს ინსტრუმენტთან აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში.
ტედ ჯონასის დასკვნითი სიტყვის ტექსტი:
მწამს, რომ ჩემს მიმართ სამართლებრივი დევნა ხორციელდება საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობის გამო.
მწამს, რომ მასამართლებენ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის გამო.
რაც შეეხება სიტყის თავისუფლებას: თქვენ ზუსტად მოგეხსენებათ, თუ რა სიტყვებით მივმართე დემონსტრაციაზე პოლიციას იმიტომ, რომ მე იგივე გავიმეორე სატელევიზიო ინტერვიუშიც, რაც შემდეგ ბრალდების მხარემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა. ეს მე პირდაპირ და გულწრფელად დავადასტურე. ჩემს მიერ გამოყენებული სიტყვები („მონებო,“ „მოღალატეებო“) პოლიტიკური განცხადებებია და აღწერს იმ როლს, რომელსაც პოლიცია ასრულებს. ეს სიტყვები შეეხება მთავრობის პოლიტიკას. აქედან გამომდინარე, მათი გამოყენება პოლიტიკური თვითგამოხატვის კონსტიტუციით დაცული თავისუფლებაა. მე ვიცი ქართულად გინება, თუმცა მე ეს არ გამიკეთებია. მე არაფერი მითქვამს მათი დედების შესახებ და არც ქართულ ენაში არსებული სხვა რაიმე ხატოვანი გამოთქმა გამომიყენებია. ამაზე მეტყველებს თავად ბრალდების მხარის მიერ მოტანილი მტკიცებულებები.
ამ დემონსტრაციებისას, მომიტინგეები არ აწყობდნენ „პროვოკაციებს“ პოლიციის წინააღმდეგ. პირიქით, პოლიცია აწყობდა პროვოკაციებს დემონსტრანტების წინააღმდეგ. როცა ყველანაირი სახის იარაღითა და აღჭურვილობით პოლიცია თავს ესხმის მშვიდობიან დემონსტრანტებს, აი, ისინი პირველნდი დგამენ ნაბიჯს. ხოლო როცა დემონსტრანტები მათ პასუხობენ არა ძალადობით, არამედ სიტყვებით, ეს არის საპასუხო ქმედება, თავდაცვა პროვოკაციის წინააღმდეგ. ღირსების ოდნავი შეგრძნების მქონე ნებისმიერი ადამიანი სწორედ ასე მოიქცეოდა და მოიქცევა კიდეც.
ამ სასამართლო დარბაზში, მოწმე პოლიციელებმა ჩემი დაკავების ფაქტობრივი გარემოებების შესახებ იცრუეს, როგორც ზეპირ ჩვენებებში, ასევე წერილობით განცხადებებში. იცრუეს იმის შესახებ, თუ როდის მოხდა ეს. იცრუეს იმის შესახებ, თუ ვინ დამაკავა. იცრუეს იმის შესახებ, თუ რა მოხდა. ისინი ამბობენ, რომ პირადად გამაფრთხილეს დაკავებამდე, სამჯერ, რომ შემეწყვიტა მათთვის „შეურაცხყოფის მიყენება.“ თავად ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ვიდეომტკიცებულებშიც ჩანს, რომ მე ვერის განყოფილების თანამშრომელ ამ პოლიციელებს არ „დავუკავებივარ“ – ანუ თავს არ დამსხმიან – რუსთაველის გამზირზე. ეს ე.წ. „მოწმეები“ მაშინ იქ არ იმყოფებოდნენ.
ადამიანებს, ვინც მე დამაკავეს, ეცვათ შავი ფორმა და ეკეთათ შავი ნიღბები. ეს [პროცესზე დამსწრე] პოლიციელები კი პირველად ჩემი ცემიდან ორი საათის შემდეგ ვნახე, როცა დიღმის პოლიციის განყოფილებაში გადამიყვანეს. მათ პირველად იქ მნახეს და მათ პოლიციის ჩვეულებრივი ფორმა ეცვათ. თქვენ შეგიძლიათ თვალნათლივ დაინახოთ [ვიდეოკადრებზე], რომ შეუძლებელია სპეცრაზმის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც თავს დამესხნენ, გავეფრთხილებინე – იმიტომ, რომ მათ დაახლოებით 30 მეტრის მანძილიდან ამომიღეს მიზანში, ჩემკენ გამოიქცნენ და ჩემამდე რომ მოსულიყვნენ, სხვა დემონსტრანტების რიგები გაარღვიეს.
მათ ასევე გააყალბეს დოკუმენტები. დაკავების პროტოკოლში ჩვენ ყველამ ნათლად დავინახეთ, რომ დაკავების დრო შეცვლილია. ფოტოსავით მახსოვს იმ ღამეს განყოფილებაში ნანახი დოკუმენტი. კარგად დავიმახსოვრე, რომ დაკავების დროდ დილის 2 საათი და 14 წუთი იყო მითითებული, ანუ ის დრო, როცა მე გადმომიყვანეს სპეციალური ძალების მანქანიდან, სადაც მანამდე ორი საათის განმავლობაში ათ სხვა დაკავებულთან ერთად ვიჯექი, და ჩემი თავი გადასცეს ჩვეულებრივ პოლიციას, იმათ, ვინც აქ მისცა ჩვენება.
როცა პროტოკოლს ხელი მოვაწერე – თქვენ ხედავთ ჩემს ხელმოწერას – მითითებული იყო დილის 2:14 საათი, რაც შეესაბამება ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებზე, ვიდეოებსა და მიმოწერებზე ავტომატურად დატანილ დროით მონაცემებს. ახლა კი დოკუმენტზე დილის 1 საათი და 14 წუთი წერია. კარგად ჩანს, რომ ჩანაწერი ჯერ გადაათეთრეს და შემდეგ ზემოდან გადააწერეს. მოქალაქის ხელმოწერის შემდეგ, ოფიციალურ დოკუმენტში ცვლილების შეტანა არის სისხლის სამართლის დანაშაული.
პატივისცემით მინდა მოგახსენოთ, რომ როგორც მოსამართლეს, თქვენ უნდა გაშფოთებდეთ, რომ მოწმე პოლიციელებმა თქვენს სასამართლო ოთახში სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს – მოგატყუეს ზეპირ ჩვენებებში, მოგატყუეს წერილობით ჩვენებებში და გააყალბეს თქვენთვის წარდგენილი ოფიციალური დოკუმენტები.
მეტიც, ჩემი კონკრეტული საქმის შემთხვევაში, ტყუილები და დოკუმენტების გაყალბება, რაც ჩვენ დავამტკიცეთ ფოტოებით, ვიდეოებითა და ტექსტური შეტყობინებებით – ყველა მათგანზე არსებობს აიფონის მიერ დატანილი მეტამონაცემები, დრო და თარიღი – ნიშნავს, რომ დაკავების ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მტკიცებულებები აბსოლუტურად უსუსურია. ბრალდების მხარემ ვერ დაამტკიცა საქმის ძირითადი ელემენტები – სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ფაქტობრივი გარემოებები, დაკავების ფაქტობრივი გარემოებები. თქვენ არ შეგიძლიათ დამნაშავედ მცნოთ ჩემ მიმართ წაყენებულ ბრალდებებში მაშინ, როცა ბრალდების მხარის მტკიცებულებითი მხარე სრულიად ჩამოშლილია. მათ ვერ შეძლეს ბრალდების დამტკიცება.
This post is also available in: English (ინგლისური)