ახალი ამბები

პარლამენტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ 28 მაისს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 84 ხმით 4-ის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო. რაც შეეხება პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, 66-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა, მომხრე კი არავინ ყოფილა. პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტის ხელმოწერამდე და მის ძალაში შესვლამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. კენჭისყრამდე ოპოზიციონერი დეპუტატების უმეტესობამ სხდომათა დარბაზი დატოვა და აქციის მონაწილეებს შეუერთდა.

კენჭისყრას, რომელიც ქვეყნის „ღალატად“ და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ნაბიჯად განიხილება, წინ უძღოდა რამდენიმე საათიანი განხილვა პლენარულ სხდომათა დარბაზში და საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ. ქვეყნის შიგნით არსებული მზარდი და უწყვეტი წინააღმდეგობის, აშშ-ის მიერ სანქციების დაანონსებისა და ბრიუსელის გაფრთხილების მიუხედავად, რომ კანონის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებდა, მმართველმა პარტიამ ვეტოს დაძლევის პროცედურაზე უარი მაინც არ თქვა.

კანონი, როგორც მიიჩნევა, გაანადგურებს საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას და ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ათწლეულების ოცნებას, და ეს მაშინ, როდესაც რამდენიმე თვის წინ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. გარდა ამისა, კანონი ხელს შეუწყობს ქვეყნის იზოლაციას დასავლეთისგან და მას რუსეთის გავლენის ქვეშ დააბრუნებს.

უახლოეს დღეებში კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ასევე „უცხოელი აგენტების“ კანონის ან „რუსული კანონის“ სახელითაა ცნობილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეგზავნება, რომელსაც ხელმოწერისთვის ხუთი დღე ექნება. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს კანონპროექტს – რაც ყველაზე მოსალოდნელი სცენარია – ეს მისია პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს დაეკისრება. პაპუაშვილი სადავო კანონის მხურვალე მხარდამჭერია და, სავარაუდოდ, სწორედ ის აამოქმედებს მას.

კანონი ხელმოწერისთანავე შევა ძალაში, თუმცა მისი გარდამავალი დებულებები ძალაში კანონის ამოქმედებიდან 60 დღის შემდეგ შევა ძალაში. 60-დღიანი პერიოდის შემდეგ ერთი თვის ვადაში, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იქნება, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საშუალებები „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ უნდა დარეგისტრირდნენ.

თუ ორგანიზაცია უარს იტყვის რეგისტრაციაზე – და ბევრმა უკვე დადო პირობა, რომ ამას არ გააკეთებს – კანონი უფლებას აძლევს იუსტიციის სამინისტროს რეგულარული „მონიტორინგი“ განახორციელოს და ასეთ ორგანიზაციებს სოლიდური ჯარიმები დააკისროს. მონიტორინგის სფეროში ხელისუფლების უფლებამოსილების შესახებ ბუნდოვანმა დებულებებმა შეშფოთება გამოიწვია იმის თაობაზე, რომ ისინი შესაძლოა  არჩევნების დროს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, დამკვირვებლების მუშაობის შეზღუდვისთვის იქნას გამოყენებული. კანონი ასევე უფლებას აძლევს ხელისუფლებას მოითხოვოს ყველაზე სენსიტიური პერსონალური მონაცემები როგორც ორგანიზაციებისგან, ასევე ფიზიკური პირებისგან, ხოლო უარის შემთხვევაში ჯარიმები დააკისროს მათ.

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ კანონს სანქციების მუქარის მიუხედავად მაინც იღებს, სულ უფრო იზრდება შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ამ ნაბიჯს შესაძლოა ქვეყანაში ეკონომიკური არასტაბილურობა მოყვეს. ერთ კვირაზე მეტია, საქართველოს ეროვნული ბანკი ქართული ვალუტის სტაბილურობის შესანარჩუნებლად იბრძვის, რადგან პანიკის ფონზე ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენლებმა, მათ შორის მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა უკვე გააკეთეს განცხადებები კანონის მიღების წინააღმდეგ.

რა ეწერა პრეზიდენტის ვეტოში?

ვეტოს პროცედურის დროს, პრეზიდენტი ხელს არ აწერს კანონპროექტს, არამედ „მოტივირებული შენიშვნებითა“ და შემოთავაზებული ცვლილებებით კანონპროექტს პარლამენტს უბრუნებს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო მოსალოდნელზე ადრე, 18 მაისს დაადო, რათა, სავარაუდოდ, ხელი შეეშალა „ქართული ოცნების“ მცდელობისთვის, რომ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების ფარგლებში, დასავლეთთან მოლაპარაკები გაემართა და ამით სახე გადაერჩინა. პრეზიდენტმა მსგავს მცდელობებს „მანიპულაციები“ უწოდა და უარი თქვა მმართველ პარტიასთან „თამაშებში შესვლასა“ და „კანონის გაუმჯობესებაზე“.

სანაცვლოდ, თავის მოტივირებულ შენიშვნებში, პრეზიდენტმა კანონს „არაკონსტიტუციური, შესაბამისად, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული“ უწოდა და განაცხადა, რომ კანონი „ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას“. პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ერთადერთი ცვლილება ის იყო, რომ კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღით უნდა დარჩენილიყო ძალაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button