skip to content
ახალი ამბები

სიახლეების ბლოგი: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – აქციები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შემდეგ, თბილისის ქუჩები მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა ლოზუნგით „კი ევროპას, არა რუსულ  კანონს“, რომელთაგან ზოგიერთი სპონტანურად, წინასწარი ორგანიზების გარეშე მოეწყო. აქციაზე ახალგაზრდების დიდი რაოდენობა შეინიშნება- მოსწავლეები, სტუდენტები, ახალგაზრდები, რომლებიც რუსთაველის გამზირს უკვე რამდენიმე დღეა კეტავენ. ქართველი ახალგაზრდები დაჟინებით აგრძელებენ ყოველდღიურ აქციებს. მათ საზეიმო ფიციც კი დადეს, რომ დაიცავენ საქართველოს ევროპულ არჩევანს.

3 აპრილს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება დააანონსა. მდინარაძის თქმით, კანონპროექტის შინაარსი იგივე რჩება და მხოლოდ მისი სათაური იცვლება. შესაბამისად, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა მოყვა. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.  

იმან, რაც მხოლოდ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის გამო დაიწყო, ახლა უფრო ფართო კონტექსტი შეიძინა, ვინაიდან დემონსტრანტები ასევე აპროტესტებენ საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს და სასტუმრო „ტიფლის პალასში“ რუსეთის FSB-თან დაკავშირებული კონფერენციის გამართვას.

ოთხშაბათი, 5 ივნისი

  • აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.
  • საღამოს აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები დაფიონის ხელმძღვანელობით მსვლელობას აპირებენ მთავრობის ადმინისტრაციისა და „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ.

კვირა, 2 ივნისი

  • 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი დაიწყო ცნობილი ქართული ბენდებისა და მომღერლების მონაწილეობით. გარდა იმისა, რომ კონცერტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის, ასევე მოქალაქეთა წინააღმდეგ დაშინებისა და ტერორის კამპანიის წინააღმდეგ იმართება, ის ასევე არის სოლიდარობის ღონისძიება, რომელიც აქციებზე დაკავებულთა და გასამართლებულ პირთა მხარდასაჭერად და მათზე დაკისრებული ჯარიმების გადასახდელად შემოწირულობების შეგროვებას ისახავს მიზნად.   
კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე, ფოტო: რუსუდან ჭანტურია
კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე, ფოტო: რუსუდან ჭანტურია

პარასკევი, 31 მაისი

  • პარლამენტის მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების შემდეგ,, აქციის მონაწილეები კვლავ ქუჩაში არიან. პარლამენტის წინ შეკრების შემდეგ, აქციის მონაწილეები მშვიდობის ხიდთან მივიდნენ, სადაც  საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები, ასევე უზარმაზარი ბანერი გამოფინეს წარწერით „გაიფიცე, საქართველო!“.
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

სამშაბათი, 28 მაისი

  • უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ აქცია შუაღამის შემდეგ დასრულდა.
  • დაახლოებით 23:30 საათზე აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და მჯდომარე აქცია გამართეს. ჩვეულებისამებრ, ტერიტორიას პოლიცია მკაცრად იცავდა.
  • დაახლოებით 23:00 საათზე აქციის მონაწილეები პრეზიდენტის რეზიდენციისკენ, ორბელიანების სასახლისკენ გაემართნენ.
  • აქციას ოპოზიციონერი დეპუტატები შეუერთდნენ და აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. დეპუტატმა თამარ კორძაიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საჯაროდ წაიკითხა 84 დეპუტატის ვინაობა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონს.
  • 19:00 საათზე, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი საბოლოოდ მიიღო,  პარლამენტის შენობასთან ათასობით მომიტინგე შეიკრიბა. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. მობილიზებულია საპოლიციო ძალები. შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა „შენობაში მყოფ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა, რომ შეუფერხებლად დატოვონ შენობა და პროტესტის გამოხატვა მშვიდ ვითარებაში განაგრძონ“. შსს-ს თქმით, „პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი“.
  • დილის 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან ხალხმა შეკრება დაიწყო, რადგან „ქართული ოცნება“ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. პარლამენტთან უფრო მასშტაბური აქცია დღეს 17:00 საათზეა დაგეგმილი.
ფოტო: გიორგი ექსეულიძე

კვირა, 26 მაისი

  • 20:00 საათზე, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები თბილისში კოსტავას ქუჩიდან ვაკის პარკისკენ დაიძრნენ, რითიც 1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე განხორციელებული მსვლელობის მარშრუტი გაიმეორეს.
აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
  • ბერლინში ქართველმა ემიგრანტებმა კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს, რომელსაც გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, მიხაელ როთიც დაესწრო. მან შეკრებილებს სიტყვით მიმართა და უთხრა, რომ „საქართველო ევროპაა, თბილისი კი ევროპის დედაქალაქი“.
წყარო: Georgisches Zentrum im Ausland
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ქართველ მომიტინგეებთან სოლიდარობის ნიშნად მივიდა. წყარო: Georgisches Zentrum im Ausland
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით მსვლელობები იმართება. მსვლელობა თავდაპირველად ზუგდიდში დაიწყო, სადაც ხალხმა ქალაქის ცენტრში და იმ ტერიტორიაზე მოაწყო მსვლელობა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას მართავდნენ.

შაბათი, 25 მაისი

  • 18:00 საათზე, აქციის მონაწილეები, მათ შორის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, ჭავჭავაძის გამზირზე უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მსვლელობას აწყობენ. ისინი გმირთა მოედანზე 19:00 საათისთვის მივლენ.
  • დილიდან სტუდენტების ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა, სადაც პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ლექცია უნდა წაეკითხა. მედიის ცნობით, ის შენობაში შევიდა, მაგრამ არა მთავარი შესასვლელიდან. პრემიერ-მინისტრს შენობის დატოვება პოლიციის დაცვის ქვეშ მოუწია, რის შემდეგაც აქციის მონაწილე სტუდენტებსა და სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ფოტო: ზურაბ ცერცვაძე
ფოტო: ზურაბ ცერცვაძე

პარასკევი, 24 მაისი

  • აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მიდიან. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ქუჩები გადატვირთულია, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
ფოტო: Ezz Gaber Photography
  • 20:00 საათზე მარში თავისუფლებისთვის დაიწყო.
  • 18:00 საათზე, მასწავლებლები „უცხოელი აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მსვლელობას დედაენის პარკიდან თავისუფლების მოედნისკენ იწყებენ, სადაც აქციის იმ მონაწილეებს შეუერთდებიან, რომლებიც ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მსვლელობას გეგმავენ. „მარში თავისუფლებისთვის“ შსს-ს წინ დასრულდება, წინა აქციებზე პოლიციის სისასტიკისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის აქციის მონაწილეების დაჯარიმებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

სამშაბათი, 21 მაისი

  • 12:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ რუსთაველის მეტროდან კულტურის სამინისტრომდე მსვლელობა მოაწყვეს.

ორშაბათი, 20 მაისი

  • აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ, ბევრი მათგანი ბოლო ზარის შემდეგ მივიდა აქციაზე “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებლად. ტრადიციისამებრ, მათ თეთრი პერანგები აცვიათ, რომლებზეც თანაკლასელებმა თავიანთი სურვილები დაუწერეს, თუმცა ამჯერად პერანგებზე საპროტესტო ლოზუნგები და ევროპული და ქართული სიმბოლოებია გამოსახული.
ფოტო: ნინი გაბრიჭიძე/Civil.ge
ფოტო: ნინი გაბრიჭიძე/Civil.ge
ფოტო: ნინი გაბრიჭიძე/Civil.ge
ფოტო: ნინი გაბრიჭიძე/Civil.ge

კვირა, 19 მაისი

  • აქციის მონაწილეები 19 მაისს საღამოს ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. შემდეგ ისინი მშვიდობის ხიდისკენ დაიძრნენ, საიდანაც ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადმოფინეს.
ფოტო: ვანო გორგიაშვილი
ფოტო: ვანო გორგიაშვილი

შაბათი, 18 მაისი

  • 20:50 საათისთვის რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. აქციის მონაწილეებმა საქართველოს და ევროკავშირის დროშები გაშალეს.
  • ერთდღიანი შესვენების შემდეგ, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა. 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, საპროტესტო აქციები ერთი დღით შეწყდა და მეორე დღეს განახლდა. 17:00 საათზე აქციის მონაწილეებმა წერეთლის გამზირზე მდებარე „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრება დაიწყეს და სტუდენტურ ჯგუფებთან გაერთიანების მიზნით აღმაშენებლის გამზირზე, ზაარბრიუკენის მოედნისკენ მსვლელობას გეგმავენ. ამასობაში მომიტინგე ექიმების ჯგუფი იკრიბება სხვა ლოკაციაზე – 9 აპრილის ბაღში, რათა მოგვიანებით აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ შეუერთდნენ.

ხუთშაბათი, 16 მაისი

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ ხალხი კვლავ შეიკრიბა და „უცხოელი აგენტების“ შესახებ მიღებულ კანონს აპროტესტებს. რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.
  • დღეს თბილისში „დედების მარში“ გაიმართა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ. მსგავსი მსვლელობა ბათუმშიც გაიმართა.
ფოტო: ანანო ასათიანი
  • შსს-ს ცნობით, 14 მაისის აქციის ორი მონაწილე – 19 წლის ო.ო. და 23 წლის ს.მ. დააკავეს. შსს-ში აცხადებენ: „…საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ს.მ.-მ და ო.ო.-მ სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს”. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
  • სტუდენტების გმირთა მოედანზე შეკრება დილიდან დაიწყეს. ტერიტორიაზე პოლიცია უკვე მობილიზებულია.

ოთხშაბათი, 15 მაისი

  • ღამით აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს.
  • შუაღამისას აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გაემართნენ. ადგილზე პოლიციის ძლიერი მობილიზება შეინიშნება.
  • პარალელურად, ბათუმში ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს, ათასობით მომიტინგემ ქალაქის ცენტრალური შესასვლელ-გასასვლელი გზები გადაკეტა.
  • 23:00 საათისთვის აქციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟეც შეუერთდა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე რუსთაველის გამზირზე “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე; ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
  • 22:00 საათისთვის საქართველოში მყოფი ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათი გამოსვლების შემდეგ გაჟღერდა სიხარულის ოდა და საქართველოს ჰიმნი.
ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე აქციის დროს. ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი
  • პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იკრიბება. 17:00 საათისთვის რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

სამშაბათი, 14 მაისი

  • გავრცელებული ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილე გმირთა მოედანზე დააკავეს.
  • 23:00 საათისთვის აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გმირთა მოედანი და მტკვრის ორივე სანაპირო.
  • დაახლოებით 21:00 საათზე თბილისში მყოფი ევროპული საკანონმდებლო ორგანოების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს მიმართეს და აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაჟღერდა სიხარულის ოდა და საქართველოს ჰიმნი.
  • საღამოს, მოქალაქეებმა ბათუმში მსვლელობა გამართეს და რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს.
  • 19:00 საათისთვის პოლიციამ და სპეცრაზმმა უკან დაიხია, რუსთაველის გამზირზე კი სულ უფრო მეტმა აქციის მონაწილემ დაიწყო შეკრება.
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით 19:45 საათზე განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 13 პირი დააკავა პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.
  • ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაკავების შესახებ, თუმცა დაკავებულთა ბედის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროვებულა. ერთ-ერთი დაკავებულია დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი, რომელიც რეგულარულად სტუმრობს საოკუპაციო ხაზს და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ქაცარავა მშვიდად იდგა რუსთაველის გამზირზე, როდესაც, როგორც კადრებიდან ჩანს, სპეცრაზმმა ის სასტიკად სცემეს, განსაკუთრებით თავში. ის ახლა საავადმყოფოშია და ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას სახეზე ძლიერი სისხლჩაქცევები აქვს.
  • შსს-ს განცხადებას სახალხო დამცველი გამოეხმაურა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აქციაზე ცოტა ხნის წინ ცალკეულ მონაწილეთა მიერ მშვიდობიანი შეკრების წესების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, მათ მიმართ განხორციელებული ინდივიდუალური ღონისძიებების შემდეგ, აღარ დგას მთლიანდ აქციის დაშლის აუცილებლობა. „შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა“.
  • 17:11 საათზე შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“. შსს-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი. შსს-მ დაადასტურა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით მან კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
  • 17:00 საათზე პარლამენტის ირგვლივ ვითარება დაიძაბა, პარლამენტიდან სპეცრაზმი გამოვიდა, აქციის მონაწილეები დააკავეს და პარლამენტის ეზოში გადაიყვანეს. დაკავებებში, სავარაუდოდ, მონაწილეობს სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილის ქვედანაყოფი. ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, დაკავებულთა შორისაა ლაზარე გრიგორიადისი. თავისუფლების მოედანზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა პარლამენტის შენობისკენ დაიწყო გადაადგილება. მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ დაიშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული.
  • ცნობილია, რომ პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 14 მაისს 17:00 საათიდან გაურკვეველი ვადით ამოქმედდება. საქართველოს პარლამენტში არავინ დაიშვება,  გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა.
  • 16:00 საათისთვის პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი მიიღო.
  • კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს, როდესაც ის პარლამენტის შენობაზე წითელი საღებავით წერდა „ეს ქვეყანა ჩვენია“. ის პარლამენტის შენობაში შეათრიეს.
  • დაახლოებით 15:00 საათზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს, გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ერთი მონაწილე დააკავეს.
  • დაახლოებით 13:00 საათზე პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაძაბულობამ იმატა, რადგან უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონპროექტზე დაუპირისპირდნენ.
  • 12:00 საათისთვის რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. პარლამენტში პლენარული სხდომა დაიწყო.
  • „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დღეს 12:00 საათზე დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მესამე და საბოლოო მოსმენით მისაღებად ემზადება, აქციის მონაწილეები კი პარლამენტთან 10:00 საათიდან იკრიბებიან. პარლამენტის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული, თავისუფლების მოედანთან კი წყლის ჭავლის მანქანებია განთავსებული.  

ორშაბათი, 13 მაისი

  • პარლამენტის წინ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გრძელდება, რომელსაც სტუდენტები და სპეციალური საჭიროებების მქონე პირები შეუერთდნენ. ხვალ, 10-დან 11 საათამდე, სტუდენტები თბილისის სხვადასხვა ლოკაციიდან რუსთაველის გამზირამდე მსვლელობას გეგმავენ. პარლამენტი პლენარულ სხდომას 12 საათზე დაიწყებს, სადაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მესამე და საბოლოო მოსმენით ეყრება კენჭი.
  • 20:30 საათისთვის, სხვადასხვა ლოკაციებიდან მსვლელობის შემდეგ, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და უკვე იქ მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირი 12-13 მაისის ღამის გათევისა და პოლიციის ძალადობრივი დარბევის შემდეგ მთელი დღე გადაკეტილი იყო.
  • მთელი ქვეყნის მასშტაბით აკადემიურ ბოიკოტს ასევე შეუერთდნენ ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მათ დღეს აქცია გამართეს, სადაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი და პოლიციის ძალადობა დაგმეს.
  • სულ უფრო მეტი სტუდენტის შემოერთებასთან ერთად, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სულ უფრო ფართოვდება ქუთაისსა და ბათუმში. დღეს ორივე ქალაქში ფართომასშტაბიანი მსვლელობები და საპროტესტო აქციები გაიმართა.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აკადემიურ ბოიკოტს უერთდებიან, 13 მაისი, 2024. ფოტო: ილიკო ნაცვალაძე
  • კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა მათთან შეხვედრის გამართვა გადაწყვიტა. შეხვედრის შემდეგ, სტუდენტები პარლამენტის წინ სხვა მომიტინგეებთან შეერთებას გეგმავენ.
  • თბილისში მდებარე თითქმის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტებმა პარლამენტისკენ მსვლელობის დაწყება გადაწყვიტეს.
  • ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ დილიდან მსვლელობა მოაწყვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტებს, რომლებსაც აქციაზე გამოსვლის სურვილი გაუჩნდათ, ადმინისტრაცია გარეთ არ უშვებს.

კვირა-ორშაბათი, 12-13 მაისი

  • პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რამდენიმე წამში დაუჭირა მხარი „უცხოელი აგენტების“ შესახენ კანონპროექტის მიღებას.
  • მედიამ პოლიციის სისასტიკის კიდევ ერთი შემთხვევის შეასხებ გაავრცელა ინფორმაცია. დილის 09:05 საათზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს მიუხედავად იმისა, რომ ვითარება მშვიდად იყო და აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა.
  • 08:39 საათზე საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი. „სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიების გატარებას და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს მოქალაქეზე მიზანმიმართულ ძალადობაზე/ანგარიშსწორებაზე. ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტებზე; უკვე მიმდინარე გამოძიებები კი ჩაატაროს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა, რომელიც წაახალისებს ცალკეულ პოლიციელებს შემდგომი არასამართლებრივი ქმედებებისკენ“.
  • 08:35 საათზე პოლიციამ სცადა კიდევ ერთი ბიჭის დაკავება, რომელიც მშვიდობიან პროტესტს ახორციელებდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი დააკავეს, თუმცა აქციის მონაწილეებმა პოლიციას არ მისცეს საშუალება, წაეყვანათ ის ბიჭი, რომელსაც დაედევნენ. პოლიცია აქციის დასაშლელად ქაფს იყენებდა. დეპუტატები უკვე მივიდნენ პარლამენტთან, რა დროსაც დემონსტრანტები სკანდირებდნენ და დეპუტატებს „მონებს“ და „რუსებს“ უწოდებდნენ.
  • 07:50 საათიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტთან მისვლა დაიწყეს. საკომიტეტო მოსმენა 09:00 საათზე დაიწყება.
  • 06:52 საათზე სპეცრაზმმა მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავება დაიწყო. აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციელებმა აქციის რამდენიმე მონაწილეს სცემეს. პოლიციელებმა სასტიკად სცემეს ერთ-ერთი დაკავებული და დაკავების შემდეგაც არ შეუწყვეტიათ მისი ცემა. როგორც მოვლენების ეპიცენტრიდან „სამოქალაქო საქართველოს“ ჟურნალისტი იტყობინება, სპეცრაზმმა წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყო.
  • 06:45 საათისთვის აქციის მონაწილეები ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებიდან ძალადობრივად დაარბიეს, პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი სრულიად თავისუფალია. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია პარლამენტის აჭედილ რკინის ჭიშკარს ხსნის.
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ამ ეტაპზე (05:48) დასტურდება, რომ პარლამენტის შესასვლელებთან არა დემონსტრანტები, არამედ პოლიცია დგას. შესაბამისად, ძალის გამოყენების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერვე დაანონსებული ფაქტობრივი საფუძველიც კი არ არსებობს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს უკანონოდ ძალა და მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს პროტესტის გაგრძელების კონსტიტუციური უფლება“.
  • გამთენიისას, თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების მნიშვნელოვანი მობილიზება შეინიშნება. დილის 6:00 საათზე პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების გაფრთხილება დაიწყო, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია და გაეთავისუფლებინათ პარლამენტის შესასვლელები და ამისათვის მომიტინგეენს ხუთწუთიანი დრო მისცეს. აღსანიშნავია, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები შესასვლელებს არ ბლოკავენ.
  • ვრცელდება ინფორმაცია აქციის მიდამოებში სიგნალის შეფერხების, მათ შორის ინტერნეტის წყვეტის შესახებ, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის მედიის გაშუქებას.
  • 05:37 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეები იმყოფებიან პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის პარლამენტის შესასვლელებთან ჟვანიას, ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩებზე. შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ 13 მაისს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს არ შეუშვებენ. შსს-მ მოუწოდა აქციის მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და საშუალება მისცენ დეპუტატებს და აპარატის თანამშრომლებს შევიდნენ პარლამენტში და საკუთარი საპარლამენტო უფლებამოსილება განახორციელონ. „წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას“, – აცხადებენ შსს-ში.
  • 05:23 პოლიციამ და წყლის ჭავლის მანქანებმა თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ დაიწყო გადაადგილება.
  • 05:15 საათზე პოლიციისა და სპეცრაზმის სერიოზული მობილიზება შეინიშნება ჩიტაძისა და ინგოროყვას ქუჩებზე, პარლამენტთან. ქუჩები გადაკეტილია. დანარჩენი სპეცრაზმი პარლამენტის შენობის მიმდებარედ, თავისუფლების მოედანზეა მობილიზებული.
  • 05:00 საათზე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან პარლამენტის ცენტრალური და გვერდითი შესასვლელებისკენ დაიწყეს გადაადგილება.
  • 4:40 თბილისში: თავისუფლების მოედანზე დიდი რაოდენობით სპეცრაზმელები არიან მობილიზებული.
  • 4:30 თბილისში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვეგვერდზე „ანონიმუსმა“ ჰაკერული თავდასხმა განახორციელა. მანამდე, „ანონიმუსი“ საქართველოს ხელისუფლებას „მძიმე ღამით“ დაემუქრა.
  • საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების გაჟღერების შემდეგ, 00:15 საათიდან აქციაზე სიტყვით გამოსვლები დაიწყო. პარალელურად, მოხალისეებმა სოლიდარობის ნიშნად საკვების და სხვა საჭირო ნივთების, მათ შორის პლედების დარიგება დაიწყეს.
  • დაახლოებით 22:00 საათისთვის რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის შენობის მიმდებარედ სულ უფრო მეტი ხალხი გროვდება.
  • 21:00 საათზე, ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, საქართველოს სპეცრაზმის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის რკინის კარი აჭედეს.
წყარო: ტვ პირველი
  • 13 მაისს დაგეგმილი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მესამე  მოსმენის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, საქართველოს მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ 12-13 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაატარებენ, რათა დეპუტატებს აჩვენონ დილას, რომ ხალხი მტკიცედ აპირებს კანონის მიღების გაპროტესტებას. საპროტესტო აქციების დაწყებამდე ორი საათით ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ შსს-ს ინფორმაციით, დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.

შაბათი, 11 მაისი

  • ბერლინსა და სტრასბურგში ქართული დიასპორის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები გაიმართა.
  • 21:00 საათისთვის ოთხივე ლოკაციიდან წამოსული მომიტინგეების უზარმაზარი მასა გაერთიანდა, მტკვრის ორივე სანაპიროდან მსვლელობით ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც მათ სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება.
ევროპის მოედანი 11 მაისის საღამოს, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
  • დაახლოებით 19:30 საათისთვის რუსთაველის გამზირი ჩაიკეტა.
  • თბილისში დღეს მასობრივი საპროტესტო აქცია იმართება. 19:00 საათზე აქციის მონაწილეებმა ოთხი ლოკაციიდან (რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მეტრო, მეტრო 300 არაგველი, წერეთლის გამზირი) დაიწყეს ევროპის მოედნისკენ მსვლელობა და იმავდროულად ევროპის კვირეულის აღნიშვნა. საპროტესტო აქცია ბათუმშიც იმართება.
აქციის მონაწილეები 11 მაისს თბილისში ოთხიდან ერთ-ერთ ადგილას იკრიბებიან. ფოტო: მარი იმერლიშვილი/Civil.ge
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მუემართებიან მსვლელობით. ფოტო: გიორგი ქელბაქიანი, Civil.ge

პარასკევი, 10 მაისი

  • ბათუმში, ქუთაისსა და გორში „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ბათუმში აქცია ერას მოედანზე 19:00 საათზე დაიწყო.

ხუთშაბათი, 8 მაისი

  • მომიტინგეებმა პატარა პერფორმანსიც მოაწყვეს, სადაც მმართველი პარტიის ლიდერების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, თბილისის მერის კახა კალაძისა და დეპუტატ მამუკა მდინარაძის ფიტულები დაწვეს.
  • ხიდზე ყოფნისას მომიტინგეებმა ნატოსა და ევროკავშირის დროშის სტიკერებით დაფარეს ჩაქუჩისა და ნამგლის გამოსახულებები.
  • „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციების 24-ე დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გალაკტიონის ხიდისკენ დაიწყეს მსვლელობა, რუსთაველის გამზირი ნახევრად გადაიკეტა. დღესვე საპროტესტო აქციები ბათუმსა და ქუთაისში გაიმართა.

სამშაბათი, 7 მაისი

  • აქციის ორგანიზატორებმა ოპოზიციურ პარტიებს პოლიტიკური ინტერესების გვერდზე გადადებისა და გაერთიანებისკენ მოუწოდეს. „დაფიონის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა (რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია) ზვიად ცეცხლაძემ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა: „ყველა, ვისაც პასუხისმგებლობა გაქვს აღებული უნდა გაერთიანდეთ და ვალდებულები ხართ, რომ გაერთიანდეთ“. მისი თქმით, ეს ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია: „დათმეთ თქვენი კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები იმიტომ, რომ თუ თქვენ ეს არ გამოგივათ, თქვენ დაკარგავთ მომავალს და ამ ქვეყანაში თქვენი პოლიტიკური პარტიების არსებობა შეწყდება. ამიტომ უბრალოდ კრიტიკულ მომენტში მაინც შევძლოთ ქართველებმა გაერთიანება“, – განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.
  • „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილბმა აქციის მონაწილეებმა იქ მობილიზებულ სამართალდამცავებს მიმართეს და აცნობეს, რომ გამოდიან ინიციატივით, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ფინანსურად დაეხმარონ, რომ „ისინი აღარ იყვნენ მიჯაჭვული სახელმწიფოზე“. აქციის მონაწილეთა თქმით, ეს არა მხოლოდ პოლიციელებს, არამედ იმ ხალხსაც ეხება, ვინც საჯარო სამსახურშია დასაქმებული. მათ პირობა დადეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მათ ახალი სამუშაოს მოძებნაში დაეხმარებიან. „მალე აღარ იქნება აუცილებლობა, რომ თქვენი ნების საწინააღმდეგო ბრძანება შეასრულოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ლ