IDFI-ის დირექტორსა და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს ჟურნალისტებთან საუბრისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კლდიაშვილს ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულა“ ინტერვიუს ართმევდა მას შემდეგ, რაც მან შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შვედეთის საელჩო დატოვა.
ვიდეოში ჩანს, რომ თავდამსხმელი, რომლის სახე და მანქანა იდენტიფიცირებადია, გვერდით ჩაუვლის შვედეთის საელჩოსთან მდგარ ადამიანებს და ლანძღავს მათ. ახლომდებარე მაღაზიიდან დაბრუნებულს მას სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოუვიდა ტელეკომპანია „ფორმულა“-ს გადამღებ ჯგუფთან და კლდიაშვილთან.
მმართველი პარტია არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს და ოპოზიციას ტრადიციული ღირებულებების, რწმენის მოწინააღმდეგეებად და „უსამშობლო ადამიანებად“ წარმოაჩენს.
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ მასშტაბურ აქციებთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია კანონპროექტის ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ. 2-3 მაისის ღამეს, აქციიდან წასულ მომიტინგეებს თავს დაესხნენ და სცემეს, რაც, როგორც ჩანს, დაგეგმილი თავდასხმა იყო. რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ლადო აფხაზავას და მის შვილს. დღეს სამოქალაქო საზოგადოების ბევრმა ლიდერმა და აქტივისტმა განაცხადა, რომ მათ ანონიმური ზარის მეშვეობით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მომხდარს სახალხო დამცველის აპარატი გამოეხმაურა და მოუწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინონ თითოეული შემთხვევის დროული და ეფექტური გამოძიება და პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი, კანონიერი ღონისძიებების გატარება. „მნიშვნელოვანია თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებებმა დაადგინონ ძალადობრივი ქმედებების მოტივი და მისი შესაძლო კავშირი თავდასხმების მსხვერპლების პროფესიულ საქმიანობასთან“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)