skip to content
ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ის წარმომადგენლები „აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ეხმიანებიან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტებზე.

პრაისმა განაცხადა, რომ ინიციატივები არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალს. მან ხაზი გაუსვა, რომ კანონი სტიგმატიზებას გაუკეთებს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებსა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უკეთესი ქვეყნის შენებისკენ ისწრაფვიან. პრესსპიკერმა ასევე განმარტა, რომ ქართული კანონპროექტი განსხვავდება ამერიკული კანონისგან, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნების აგენტებს ეხება.

„ჩვენი პოზიცია მარტივია და ეს მოსაზრება საჯაროდაც გავაჟღერეთ და კერძო საუბრებშიც. ნებისმიერი პირი, ვინც მხარს დაუჭერს კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე“, – დასძინა ნედ პრაისმა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტზებზე შეშფოთება Twitter-ზე გამოხატა და განაცხადა, რომ ორივე კანონპროექტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს და, შესაძლოა, შეაფერხოს ქართველების შესაძლებლობა, რომ თავიანთ ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა მისწრაფებებს მიაღწიონ. პაუერმა მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, რომ არ მიიღოს ისინი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button