პრეზიდენტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გავლენის აგენტების შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა და თქვა, რომ „ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“.
„იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როცა 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის, სულ უფრო აქტუალურს ხდის ევროპული მომავლის საკითხს, სწორედ ამ დროს ირჩევს ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომ მოახდინოს კანონის ინიცირება, რომელიც თავისი შინაარსით ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე 20 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროზე სწორედ მაშინ დარეგისტრირდა, როდესაც „ქვეყანაში ამერიკელი სენატორების დელეგაციაა ჩამოსული!“. „ამ ყველაფერს შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს“, – ვკითხულობთ იქვე.
„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც დღემდე საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან, 14 თებერვალს განაცხადეს, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავეს. ავტორებმა საკანონმდებლო წინადადების მიღების აუცილებლობა უცხოური გავლენის აგენტების საქმიანობის გამჭვირვალობის აუცილებლობით ახსნეს. მათვე განმარტეს, რომ ცვლილებები არ შეზღუდავს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას.
„ხალხის ძალის“ კანონპროექტმა, რომელსაც უკვე მოჰყვა ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკა, დღეს, 20 თებერვალს, პარლამენტის ბიუროს სავალდებულო ეტაპი წარმატებით გაიარა და იგი განსახილველად კომიტეტებს (იურიდიული, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა) გადაეცათ. ბიუროს სხდომა მედიის წარმომადგენლების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ისინი მოუწოდებდნენ დეპუტატებს არ მიიღონ „რუსული კანონი“.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/02/2023 – ომბუდსმენი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს
- 17/02/2023 – საქართველოზე PACE-ის მომხსენებლები მოუწოდებენ პარტიებს არ მიიღონ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი
- 16/02/2023 – აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტით
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)