
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ 16 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცეს – დაკავებულია 49 პირი, ხოლო 14 პირი დაუსწრებლად იქნა პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის 5 „კანონიერი ქურდია“.
დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „კანონიერი ქურდობა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“. მათი უმრავლესობა წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე სეკუნდა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ კანონიერ ქურდებთან, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში“, – განაცხადა დარახველიძემ.
მისივე თქმით, გამოძიებით ასევე დგინდება, რომ „სხვადასხვა დროს საქართველოში და საზღვარგარეთ ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდებიც“ მონაწილეობდნენ“.
„ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ მათ მითითებებს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით“, – დასძინა მან.
This post is also available in: English