skip to content
ახალი ამბები

„აგენტებზე“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე 36 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2 მარტს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც შეკრებილები უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტებს აპროტესტებენ, ადმინისტრაციული მუხლით 36 პირი დააკავეს. მათ შორის არიან გამოცემა „პუბლიკას“ დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი. დაკავებული ჟურნალისტები მალევე გაათავისუფლეს.

გამოცემა „ნეტგაზეთის“ ცნობით, შსს-ს მათ წვრილმან ხულიგნობასა (166-ე) და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე) ედავება. ამავე ინფორმაციით, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქცია პარლამენტის უკანა შესასვლელის ბლოკირებაში გადაიზარდა, რაც დაკავებების მიზეზი გახდა.

მანამდე სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მომიტინგეებს მოუწოდა „არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“. „ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი“, – განაცხადეს უწყებაში.

მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობა „ძალის გამოყენებით დაატოვებინეს“ გამოცემების – „ნეტგაზეთის“, „ონ.ჯის“ და „ფორმულას“ აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

შენიშვნა: მასალა დაკავებულთა შესახებ დაზუსტებული მონაცემების შესაბამისად განახლდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button