ახალი ამბები

„ხალხის ძალა“ უცხოური გავლენების აგენტების შესახებ ალტერნატიულ კანონპროექტს დაარეგისტრირებს

მას შემდეგ, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატებმა, რომლებიც ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში რჩებიან, 21 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“ ამერიკულ კანონს „პირდაპირ“ გადმოთარგმნიან და პარლამენტში რამდენიმე დღეში დაარეგისტრირებენ.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრის, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, მათ თავშივე ამერიკული კანონის „პირდაპირი ანალოგის დაინიცირება ჰქონდათ განზრახული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ მათ უფრო „ლიბერალური“ ვარიანტის შემუშავება შესთავაზა.

ხუნდაძის მტკიცებით, ისინი ასეც მოიქცნენ და პარლამენტს უფრო ლიბერალური კანონპროექტი შესთავაზეს, თუმცა „ჯერ საკომიტეტო განხილვების არ დაწყებულა, მაგრამ დაიწყო აქტიური, ისტერიული სპეკულაცია ამის გარშემო, რომ თითქოს ის რუსულის ანალოგი, რასაც არავითარი საერთო არ აქვს“.

„არავითარი აკრძალვის მექანიზმები ჩვენს მიერ ინიცირებულ ლიბერალურ, ქართულ ვარიანტში არ იკითხება და ის შიშები და სპეკულაციები აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, – განმარტა ხუნდაძემ და დასძინა, რომ „სპეკულაციების“ თავიდან აცილებისა და უფრო მეტი არჩევნის არსებობის მიზნით, ისინი საკანონმდებლო ცვლილებების „წმინდა ამერიკულ ვარიანტსაც“ წარადგენენ.

„ვიტოვებ იმედს, გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს ამ კანონპროექტს, დარწმუნებული ვარ, რომ არ დარჩება სპეკულაციის საფუძველი ჩვენს ოპონენტებსაც და [ცვლილებებს] ისინიც მხარს დაუჭერენ“, – განაცხადა მან.


„ხალხის ძალამ“ 14 თებერვალს განაცხადა, რომ უკვე შეიმუშავეს უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“, უცხოელი გავლენების აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. კანონის პროექტმა 20 თებერვალს პარლამენტის ბიუროს სავალდებულო პროცედურა უკვე გაიარა და ის განსახილველად კომიტეტებს გადასცეს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებმაც მოუწოდეს, რომ არ მიიღონ ცვლილებები, რომლებიც „გარიყავს და გააჩუმებს“ საქართველოს მოქალაქეების „დამოუკიდებელ ხმას“. ინიციატივა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც გააკრიტიკა და თქვა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. საპირწონედ, კანონპროექტის მხარდაჭერის მზაობა გამოხატეს „ქართულ ოცნებაში“ და თქვეს, რომ „ხალხის ძალასთან“ პრინციპების დონეზე უკვე შეთანხმდნენ, თუმცა „დეტალებზე გაგრძელდება მსჯელობა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button