ახალი ამბები

რელიგიათა და უმცირესობათა საბჭოები „დაუშვებლებად“ მიიჩნევენ „აგენტებზე“ კანონის მიღებას

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოხატავენ უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტებზე და აცხადებენ, რომ მათი მიზანი „მთელი სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია“ და „მისთვის მტრული გარემოს შექმნაა“.

„წარმოდგენილი კანონპროექტ[ებ]ი ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატულ ურყევ ნებას, საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ მიზნებს და ადამიანის უფლებებს“, – ნათქვამია საბჭოების მიერ 2 მარტს გარცელებულ განცხადებაში.

„კანონის მიღება პირდაპირ გამოიწვევს რამდენიმე უფლების ერთდროულად დარღვევას, კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, რელიგიის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვას“, – აღნიშნავენ საბჭოები და ხაზს უსვამენ, რომ „მისი მიღება იქნება საგანგაშო და დამანგრეველი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის“.

ამასთან, საბჭოები განმარტავენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მედიას, საქველმოქმედო და რელიგიურ გაერთიანებებსაც კი „უცხოური გავლენის აგენტებად“ აცხადებს და „აკნინებს მათ მთელ საქმიანობას და როლს საზოგადოებაში“.

„კანონი შეაფერხებს საქველმოქმედო, სოციალური, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანდაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარების პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებას, დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ბენეფიციარებს“, – განმარტავენ საბჭოები და მის მიღებას „დაუშვებლად“ მიიჩნევენ.

„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის ნებისმიერი ფორმით მიღება უდიდესი ზიანის მომტანი იქნება მთელი ქვეყნისთვის [და მისი] ნებისმიერი ფორმით მიღება უმძიმეს დარტყმას მიაყენებს სამოქალაქო ინტეგრაციის მთელ პროცესსა და ტოლერანტობის კულტურის განვითარებას“, – ნათქვამია საბჭოების განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button