ახალი ამბები

გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში „შეშფოთებულია“ უცხოელი გავლენის აგენტებზე კანონპროექტით

„[„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] კანონის მიღებამ, შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი“, – განაცხადა 26 თებერვალს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქართველოში.

გაეროს წარმომადგენლობა „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის გამო და აღნიშნავს, რომ მისი მიღება „საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში“.

„კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისეთი უფლებების პატივისცემასა და დაცვას, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა“, – ნათქვამია წარმომადგენლობის განცხადებაში.

„ოცდაათ წელზე მეტია, გაერო საქართველოს სანდო პარტნიორი და მოკავშირეა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, გაეროს წარმომადგენლობის განმარტებით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები „არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს და მათ უფლებებს იცავენ“. ამდენად, მათმა „სტიგმატიზაციამ შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც ეფექტიანი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება“.

ამდენად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ამჟამინდელი წევრობის გათვალისწინებით, გაეროს წარმომადგენლობა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს „მოიძიოს სამართლებრივი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტზე კომპეტენტური რეგიონული და საერთაშორისო ორგანოებისგან, გაითვალისწინოს უკვე არსებული მოსაზრებები მსგავსი კანონმდებლობის შესახებ და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელზეც ამ კანონპროექტის მიღება შესაძლოა აისახოს“.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას“.

გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება 2021-2025“ (UNSDCF-ი) ასახავს გაეროს სისტემის კოლექტიურ ხედვასა და პასუხს ეროვნული განვითარების პრიორიტეტებზე. ის 2020 წლის ბოლოს მიიღეს გაეროს, საქართველოს მთავრობისა და რიგი პარტნიორების, მათ შორის, დონორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.

ამ ინიციატივით მხარდაჭერილ მიზნებს შორისაა: არა სიღარიბეს, არა შიმშილს, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხარისხიანი განათლება, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციები და სხვა.

თანამშრომლობის ხელშეკრულება წარმოადგენს გაეროს სტრატეგიულ სამოქმედო გეგმავს მომდევნო ხუთი წლისთვის, რომელიც ითვალისწინებს განვითარების წინაშე არსებულ გამოწვევებს და შესაბამისობაშია ეროვნული განვითარების პრიორიტეტებთან, მათ შორის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებასთან და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებთან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button