skip to content
ახალი ამბები

განახლება: პარლამენტის ორმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტებს

განახლება: დასავლელი პარტნიორების, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მოწოდების მიუხედავად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა 2 მარტს რამდენიმესაათიანი ხმაურიანი განხილვისა და დაპირისპირების ფონზე, მხარი დაუჭირეს მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტებს.

საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც დღეს მმართველი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის ორი კანონპროექტი უნდა განიხილონ, დაახლოებით 2 სთ-ის დაგვიანებით, დაპირისპირების ფონზე დაიწყო.

კომიტეტების გაერთიანებული სხდომის წინ, რომელიც 15:00 სთ-ზე უნდა დაწყებულიყო, ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მმართველი უმრავლესობისა და ოპოზიციონერი დეპუტატები. მანამდე, სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს არასამთავრობო სექტორისა და ჟურნალისტების ნაწილს.

მოგვიანებით, სხდომათა დარბაზი ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში თქვა, რომ დეპუტატებს შორის დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მედიისა და სამოქალაქო სექტორის არშეშვებას მოჰყვა. მანვე აღნიშნა, რომ საკითხის განხილვა დიდ საკომიტეტო დარბაზში იყო დაგეგმილი, თუმცა ის პატარა დარბაზში გადაიტანეს, იმისთვის, რომ იქ სამოქალაქო სექტორი და ჟურნალისტები „არ შეეშვათ“.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს, პარლამენტის შენობის წინ, 18:00 სთ-ზე საპროტესტო აქცია დააანონსეს. „საქართველო არასდროს გახდება რუსეთის მონა, ამიტომ მნიშვნელოვანია ხალხის ძალის დემონსტრირება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საკომიტეტო მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

მმართველი უმრავლესობისა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენაც, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ოპოზიციონერი დეპუტატები უმრავლესობას კანონის მუხლობრივი განხილვის გარეშე გაწვევისკენ მოუწოდებენ. პარალელურად, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო პარლამენტის შენობასთანაც.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სხდომის გახსნისას, აღნიშნა, რომ კანონპროექტი შეეხება რუსულ დაფინანსებასაც. მანვე განმარტა, რომ „პირველი მოსმენის დროს არ იხილება არც კანონის სახელწოდება, არც ტერმინები, არც მუხლები, არც ამოქმედების ვადები, ზღვარი, სფეროები და არ იხილება არცერთი კონკრეტული თემატიკა , რომელიც ეხება ამ კანონპროექტს“. სამხარაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცედურებს ინიციატივა მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ გაივლის. „… ჩვენ ვართ გარანტი იმის, რომ ეს კანონპროექტი თუ კანონად იქცევა, იმ სახით იქცევა, რომ კანონი არანაირად ხელს არ შეუშლია ევროპულ ინტეგრაციას… სიმართლე არ არის ის რომ ჩვენ რამენაირად შეიძლება ხელი შეუშალოთ ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა მან.

საპასუხოდ, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა, უმრავლესობის დეპუტატებს უთხრა, რომ ისინი იმ გზას „ჩეხავენ“ და „აფეთქებენ“, რომლითაც საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. მისივე თქმით, ეს ყველა იმ დეპუტატის დამსახურება იქნება, ვინც ამ კანონის მისაღებად ღილაკს „ხელს დააჭერს“. „ამის იქით სხვა გზა აღარ იქნება, გადალახავთ ამ რუბიკონს, უკან მოსაბრუნებელი გზა აღარ იქნება“, – განაცხადა მან.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ეს არის რუსული კანონი, რუსული მიზნებით“, რომელიც მმართველი უმრავლესობის „თავში იხარშება“ და სხვებს აინიცირებინებენ. „ან აიღეთ ხელი ამ განზრახვაზე, ან ძალიან მძიმე შედეგებისთვის მოგიწევთ თვალის გასწორება… გასაბჭოვდა ეს ქვეყანა ერთხელ, მაგრამ მეორედ მის გასაბჭოებას არ დაგანებებთ“, – დასძინა მან.

„სხვა პრობლემა ამ ქვეყანაში არ იყო, რომ ეს დავიდარაბა არ შემოგეტანათ, თქვენთვისაც ნერვები არ დაგეწყვიტათ, ჩვენთვისაც და ხალხისაც, ვინც ახლა გვიყურებს“, – მიმართა პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს.

„რატომ აკეთებთ [ამას]?!… პერსპექტივას უკლავთ ამ ქვეყანას… მოდით, ალალად გვითხარით, რომ ჰო, გვინდა რუსეთი … ეგეთი ხოში გვაქვს, რომ რუსეთში უნდა შევიყვანოთ ეს ქვეყანა“, – თქვა მან და დასძინა – „… არ გახდება რუსეთი ეს ქვეყანა, ეს არის საქართველო და აღარ გახდება რუსეთი!“.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა მმართველი უმრავლესობის დეპუტატებს უთხრა, რომ „უცხოეთის აგენტებზე“ კანონის მიღება არის „საქართველოს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი“. „ვინც მზად ხართ, რომ ამას მხარი დაუჭიროთ, დაუჭირეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ამით დამთავრდება ეს პარლამენტი და დამთავრდება ეს თავხედობა და ამას არავის არ გაგატანინებთ!“.

„ეს არის სირცხვილი და მავნებლობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ… გისმინეთ, გითმინეთ, მაგრამ თქვენ ხალხი ვეღარ მოგითმენთ, ეს არის ზღვარგადასულობა, ამის შემდეგ ნიშნავს ჩემი სახელმწიფოს ინტერესების გაყიდვას და ღალატს“, – ხაზი გაუსვა მან.

„ეს არის მოღალატეობრივი გზა, ჩამოაშოროთ საქართველო დასავლეთს. აი, ამას კი მართლა არ დავუშვებთ, გამორიცხულია“, – უთხრა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა უმრავლესობის წევრებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button