ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ადამიანის უფლებათა დიალოგის ფორმატში დაგეგმილი შეხვედრის გადადება „მიუღებელი და გაუმართლებელია“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მონდომების მიუხედავად, ევროკავშირმა „სამწუხაროდ“ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა „სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით“.

„აღნიშნული საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება, საფუძვლიან ეჭვს აჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებულ იქნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს 19 ნოემბრის კომენტარში.

საგარეო უწყების თქმით, იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების  საფუძველზე ევროკავშირმა ყველა დონეზე შეაჩერა საქართველოსთან  დიალოგი, „ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრას განიხილავდა, როგორც ევროკავშირთან ჩართულობის შესაძლებლობას, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ხშირად ესმის ბრიუსელის კრიტიკა“.

სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ „მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო“ გაწია იმისათვის, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ევროკავშირის მხარისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყოფილიყო შესაძლებელი და სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით შედგა საქართველოს დელეგაციაც შესაბამისი უწყებების მონაწილეობით“.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე „კონსტრუქციული მიდგომის ერთგულია და მიიჩნევს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ბრიუსელის მხრიდან შეწყვეტილი დიალოგის სრულად განახლების შემდეგ განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას“. 

სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გაიზიარა საგარეო უწყების პოზიცია და განაცხადა, რომ „ბრიუსელი დიალოგს გაურბის“.

„მიზეზი მარტივია – როდესაც საკუთარი პოზიციები ცრუ ნარატივებზე და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვის შეხებით ჩამოგეშლება“, – დაწერა პაპუაშვილმა ფეისბუქზე. „სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი “ევროპა” არ არსებობს“.

This post is also available in: English

Back to top button