
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს, რომელიც როგორც მმართველი პარტიის, ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოების ღია კრიტიკითაა ცნობილი, მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქომ 15 დეკემბერს მიიღო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანების თანახმად, „თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“.
გადაწყვეტილება წინ უძღოდა ეპარქიული კომისიის მიერ ყურაშვილის დაბარებას 16 დეკემბერს.
„მათ წინსწრებით გადაწყვიტეს, რომ დავესაჯე“, – განაცხადა ყურაშვილმა მედიასთან საუბრისას. „რა მოხდა, ვერ ვიტყვი […] პარაკლისის ჩატარება ამათთვის მნიშვნელოვანი არ არის, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაცნაირად ერს ჩაათვლევინონ, რომ მე ეკლესიის მტერი ვარ და ეკლესიიდან განკვეთილი ვარ“.
მანამდე, ყურაშვილი, პატრიარქ ილია II-ის 29 ოქტომბრის ბრძანებით, წინამძღვრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა, რომლებშიც მიზეზად „დისციპლინური ხასიათის დარღვევები“ იყო მითითებული.
ყურაშვილმა არაერთხელ დაგმო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა, ასევე „სისტემური უსამართლობა“ და რეპრესიული ზომები მოქალაქეების წინააღმდეგ. სასულიერო პირმა არაერთხელ დაუჭირა მხარი მიმდინარე პროევროპულ, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს, და ასევე ესწრებოდა ყოველდღიურ დემონსტრაციებს თბილისში. მანვე ეკლესია პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოქმედებაში დაადანაშაულა.
This post is also available in: English