ახალი ამბები

ბიზნესასოციაციები: „აგენტებზე“ კანონი უარყოფით აღქმას ჩამოაყალიბებს უცხოური მხარდაჭერის პროგრამებზე

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის, ევროპის ბიზნესასოციაციის, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და გერმანიის ბიზნესასოციაციის სახით წარმოდგენილმა ქართულმა და საერთაშორისო ბიზნესებმა და ინვესტორებმა პირველ მარტს მმართველი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართეს და განაცხადეს, რომ მისი მიღება „უარყოფით აღქმას ჩამოაყალიბებს უცხოური მხარდაჭერის პროგრამებზე, შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და დააზიანებს საინვესტიციო გარემოს“.

„აშკარად ჩანს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და შესაბამისად, ზიანს აყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას“, – აცხადებენ ისინი და მიესალმებიან კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას, ამასთან მოუწოდებენ უმრავლესობის დეპუტატებს ვენეციის კომისიის დასკვნამდე მასზე მუშაობა შეაჩერონ.

მათი განცხადებით, ორგანიზაციებისთვის „უცხოური გავლენის აგენტის“ სახელის მინიჭება მათ ისე წარმოაჩენს, თითქოს ისინი ზიანს აყენებენ ქართველ ხალხს. არადა ევროკავშირის, აშშ-ის და საქართველოს სხვა პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტები „ემსახურებიან ქვეყნის განვითარების მხარდამჭერ უამრავ საკეთილდღეო საქმეს ეკონომიკაში, განათლებაში, საჯარო პოლიტიკაში და სხვა სფეროებში. ამ პროექტებზე უარის თქმა დიდად დააზარალებს ქვეყანას“.

„გვაშფოთებს ის, რომ ყველანაირი უცხოური ჩართულობისთვის დამაზიანებელი იარლიყის მიკერებით, კანონმა შეიძლება ხელი შეუშალოს უცხოურ ინვესტიციებს. დარწმუნებულნი ვართ, კარგად აცნობიერებთ რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უცხოურ ინვესტიციებსა და ცოდნას, რომელიც მათ მოჰყვება საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. კანონები, რომლებიც ავიწროებენ უცხოელებს, დააბრკოლებენ ინვესტიციებს მაშინ, როდესაც ისინი ყველაზე მეტად გვჭირდება“, – ნათქვამია წერილში.

ბიზნესასოციაციები მიიჩნევენ, რომ თუკი კანონპროექტის მიზანი „დეზინფორმაციის გამავრცელებელი უცხოური სუბიექტების მონიტორინგია“, როგორც ამას მისი ავტორები ამბობენ, მაშინ ის „მკაფიოდ უნდა იყოს მიმართული ისეთი უცხოური სუბიექტებისადმი, რომლებიც მიზანმიმართულ ზიანს აყენებენ საქართველოს“. „მაგალითად, ეს კანონპროექტი რომ მხოლოდ იმ პოლიტიკური ძალების მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდეს, რომლებიც არ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს სრულიად გონივრული იქნებოდა“, – აცხადებენ ისინი.

ამასთან, მათივე თქმით, თუკი აშშ-ის მსგავსად, ამგვარი კანონის მიღება „უცხოელი ლობისტების გასაკონტროლებლად“ არის საჭირო, ის მხოლოდ იმ სუბიექტებზე უნდა გავრცელდეს, რომლებიც მუშაობენ უცხო ძალის წარმომადგენლებად. „ამერიკული კანონი ვრცელდება ექსკლუზიურად მხოლოდ ლობისტებზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებსა და იურიდიულ ფირმებზე, რომლებსაც უცხოური ძალები ქირაობენ თავიანთ აგენტებად“, – აღნიშნავენ ისინი და დასძენენ, რომ „ის არ ვრცელდება სხვა არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებზე, რომლებიც იღებენ დაფინანსებას თავიანთი ჩვეულებრივი საქმიანობის მხარდასაჭერად“.

ხაზს უსვამენ რა, რომ ბიზნესორგანიზაციები იშვიათად ეხმიანებიან საჯარო პოლიტიკის საკითხებს, წერილის ავტორები განმარტავენ, რომ საკითხს მხოლოდ იმიტომ ეხმიანებიან, რომ „ძალიან აშფოთებთ“ კანონპროექტის „პოტენციური ნეგატიური გავლენა, განსაკუთრებით საქართველოს ეკონომიკასა და მოსახლეობის ცხოვრების დონეზე“.

„ჩვენ სიამოვნებით შევუერთდებით თქვენ მიერ შექმნილ ნებისმიერ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იმსჯელებს ამ საკითხების გარშემო“, – აცხადებენ ისინი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button