პრეზიდენტი მმართველ გუნდს „ანტიდასავლური რიტორიკისთვის“ აკრიტიკებს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 21 ივლისს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში მმართველი გუნდი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობის დაწყების მაგივრად, „გაუთავებელი ანტიდასავლური რიტორიკისა“ და ევროპარლამენტარებზე „გაუთავებელი თავდასხმების“ გამო გააკრიტიკა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოს წამყვანი ევროპარლამენტარები სტუმრობენ, „ხდება წარმოუდგენელი რამ, რომ ერთდროულად ბრიუსელსა და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ“.
- ევროკავშირი ქართულ ოცნებას კარლ ჰარცელზე განცხადების გამო აკრიტიკებს
- „დეზინფორმაციისა და პირადი თავდასხმის“ ფონზე აშშ კელი დეგნანს მხარდაჭერას უცხადებს
„მე არ ვიცი სანამდე უნდა გავაგრძელოთ ეს ორმაგი თამაში, რომ ვითომ გვინდა ევროკავშირისკენ სიარული, გვინდა კანდიდატის სტატუსი, ამ დროს, არა თუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია…, [არამედ] საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ამის მაგალითებად საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლს მიშელის ჩართულობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლა, ევროკავშირის შეღავათიან სესხზე უარი, სასამართლოს „ნაჩქარევი წესით“ დაკომპლექტება და ინსპექტორის სამსახურის ასევე ნაჩქარევად გაუქმება დაასახელა.
„ნებისმიერი ნაბიჯი, რაც გადაიდგა ბოლო წელს, არის ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად ფასდება ევროკავშირის მხრიდან“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.
ამის პარალელურად, პრეზიდენტმა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის მიერ ევროპარლამენტარების მიმართ „კრიმინალების მფარველობასა“ და „მეორე ფრონტის“ გახსნის თაობაზე ბრალდებებიც გაიხსენა.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები არა კრიტიკა, არამედ ბრალდებებია. „თუ ვინმე იყო ჩასული და შეხვდა ევროპელებს მაღალ დონეზე, ეს მე ვარ. თუ ვინმე იყო ჩასული აშშ-ში და შეხვდა მაღალ დონეზე მაქსიმალურად, რაც შესაძლებელი გახდა, მე ვარ და არსად გამიგონია არცერთი მოთხოვნა, რომ ჩაერთეთ ომში. ეს არის სრულად მოგონილი და საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას“, -დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, „ანტიდასავლური რიტორიკა“ აქტიურად იმ ფონზე გვესმის, როდესაც „რუსეთის მიმართ არის სიჩუმე“. ამ კონტექსტში მან ოკუპირებულ აფხაზეთში კურორტ ბიჭვინთის ნაწილის რამდენიმე ათწლეულით რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მიმდინარე საუბრები გაიხსენა და იკითხა – „როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში არის ვნებათა ღელვა, საქართველოს არ ეხება?“.
„რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს, ვაიმე რამე არ ვთქვათ და ვაიმე არ ვაწყენინოთ“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
მანვე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილი ღია წერილისთვისაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „არ მინახავს, რომ პრემიერი სწერდეს [ევრო]კომისიის [პრეზიდენტს] იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს“.
ანტიდასავლურ რიტორიკაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტსა და საკრებულოებში ქართული ოცნებიდან გასულებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ ისინი რომ არსაიდან გასულან, „ამაში ორი აზრი არ არის“, რადგანაც მათი „მესიჯბოქსი“ მმართველი გუნდის გზავნილების იდენტურია. „არ გვანან რაღაც დამოუკიდებელ ადამიანებს“.
- რეგიონების საკრებულოები ქართული ოცნების კიდევ სამმა წევრმა დატოვა
- რეგიონების საკრებულოებში „ოცნების“ წევრები პარტიასა და თანამდებობებს ტოვებენ
„არ შეიძლება, რომ ჩვენ ვიყოთ, მსოფლიოში მგონი ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს…, მაგრამ ჩვენ გვირჩევნია ბრალი ხან ერთზე ხან მეორეზე [გადავიტანოთ], რომ ჩვენ ვართ მართლები და ამით საქმე არ კეთდება…“, – თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტია მის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობაზე უარის გამოც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტის წინ ეს იქნებოდა „ძალიან კარგი ჟესტი“ იმის საჩვენებლად , რომ მზად ვართ „რაღაც ნაბიჯები გადავდგათ“.
„მთავარი კითხვა ეს არის – გვინდა კანდიდატის სტატუსი? [თუ გვინდა] კეთილი უნდა ვინებოთ ყველამ, რომ რაღაც ნაბიჯები გადავდგათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა და რეკომენდაციების შესრულების პროცესში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ინკლუზიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
აღნიშნა რა, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებამდე 6 თვეზე ნაკლები რჩება, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მმართველი გუნდი არასაკმარისი მუშაობისთვისაც გააკრიტიკა და თქვა, რომ „არ შეიძლება, ქვეყანამ მიიღოს 12 პუნქტი და სურვილიც არ ჰქონდეს, რომ დაიწყოს საუბარი [პარტნიორებთან]“.
მანვე ევროპარლამენტის მიერ მიღებული კრიტიკული რეზოლუციაც მმართველი პარტიის უმოქმედობის შედეგად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ რეზოლუციაც იმის დასტურია, რომ „უფრო კარგად იმუშავა ოპოზიციამ, ვიდრე უმრავლესობამ“. „ჩემი ბრალი არ არის, რომ არ მუშაობენ და არ იციან როგორ იმუშაონ“.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მმართველი გუნდიდან მას საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის გარდა აღარავინ ესაუბრება. „თუ იმიტომ არ მესაუბრებიან, რომ გავაკრიტიკე, მაშინ არასოდეს აღარ დამელაპარაკებიან“.
დეპოლარიზაციის თემაზე საბრისას, სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ ამ მოტივით ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას არ აპირებს. „მე დეპოლარიზაციის მიზნით ავიღე ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად 3 ადამიანი შევიწყალე გასამდა და დამთავრდა“, – თქვა მან.
- საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა
- პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა
პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის შესახებ ბრალდების საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციას საკუთარი გამოსვლებით თავად უმრავლესობის წარმომადგენლები არღვევენ. „ყველაფერს რომ აკეთებ, რომ არ მოხდეს [ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წინ წაწევა] ეს არის კონსტიტუციის დარღვევა“, – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.
მანვე ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტის მხრიდან უარის შესახებ მმართველი პარტიის საყვედურს კიდევ ერთხელ უპასუხა და გაიმეორა, რომ მასთან ელჩების დანიშვნაზე ოფიციალურად შესული 36-ივე განაცხადი დააკმაყოფილა.
ერთადერთი გამონაკლისი დავით ბაქრაძის შესახებ მასთან 15 ივლისს შესული განაცხადია, რაზეც მას ხელი ჯერჯერობით არ მოუწერია. მისი განმარტებით, ადამიანს, რომელსაც აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე მსახურობისას აშშ-საქართველოს ურთიერთობებისთვის „არაფერი გაუკეთებია…, არ უნდა იყოს დანიშნული გაეროში“.
ირაკლი კობახიძის პასუხი
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პასუხებს 21 ივლისს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა და თქვა, რომ მმართველ გუნდს მასთან საჯარო პოლემიკაში შესვლის „არავითარი ინტერესი“ აქვს.
„ჩვენ არაერთხელ ვცადეთ მისთვის რაღაცები აგვეხსნა, რომ თვითონ, მათ შორის, ინფორმაციის დეფიციტის გამო შეიძლება უჭირდა რაღაცეების გაანალიზება, სწორედ შეფასება…, მაგრამ გაუჭირდა რაღაცების შეფასება და გაანალიზება“, – განაცხადა მან.
„ის არის საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, რაიმე განსაკუთრებული კომპეტენციები არ აქვს, ქვეყანას ვერ დააქცევს, მაგრამ ისე ასეთი განცხადებები თავის თავად ბუნებრივია საზიანოა ქვეყნისთვის და ჩვენთვის, მმართველი პარტიისთვის“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)