ახალი ამბები

„დეზინფორმაციისა და პირადი თავდასხმის“ ფონზე აშშ კელი დეგნანს მხარდაჭერას უცხადებს

„დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა, ნედ პრაისმა 20 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე და ელჩს „სრული მხარდაჭერა“ გამოუცხადა.

პრესსპიკერის განცხადება მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა საკითზე კრიტიკული პოზიციის გამო კელი დეგნანის მისამართით გამოთქმულ ბოლოდროინდელ საყვედურებს მოჰყვა.

აღნიშნა რა, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას, ნედ პრაისმა ხაზი გაუსვა, რომ „ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ჩვენს საელჩოში, თბილისში მოწოდებულია, იმუშაოს ქართველ ხალხთან ერთად მათი ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად“

„თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს ამ მიზნისკენ სწრაფვაში“, – განაცხადა პრესსპიკერმა და დასძინა, რომ „30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება“.

ნედ პრაისმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას და განაგრძობს „მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button