skip to content
ახალი ამბები

რეგიონების საკრებულოები ქართული ოცნების კიდევ სამმა წევრმა დატოვა

„სიმართლის ლაპარაკის“ მოტივით რეგიონების საკრებულოების ქართული ოცნების წევრები გასვლას განაგრძობენ. 13 ივლისს, ამ მიზეზით პარტიიდან წასვლისა და დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადეს ასპინძისა და ადიგენის საკრებულოების ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეებმა – გია ჭელიშვილმა და იმედა მღებრიშვილმა, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარემ, ლევან კოჭლოშვილმა.

„ძალიან რთულია ჩუმად უყურო თუ, როგორ აზიანებენ ევროპულ იდეას საქართველოში ნაციონალური მოძრაობა და მათი უცხოელი ლობისტები“, – დაწერა დღეს ჭელიშვილმა Facebook-ზე და დასძინა, რომ „დღეს, ისე, როგორც არასდროს ჩვენ ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება სიმართლის ლაპარაკი, როგორი უხერხულიც არ უნდა იყოს ის“.

აღნიშნა, რა რომ დღეს ევროპელებად და ევროპის სახეებად „გვევლინებიან ბოროტმოქმედი ნაც მოძრაობის მფარველი – [რასა] იუკნევიჩიანეები, [ანდრიუს] კუბილიუსები, [მარკეტა] გრეგორევები თუ [ანა] ფოტიგები“, ჭელიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მფარველობა და მათთვის ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში დახმარება „ნიშნავს იყო იმ ყოველივე უბედურების თანამონაწილე რასაც ჩადიოდა წლების განმავლობაში ნაც მოძრაობა“.

„საჭიროა თავისუფლად საუბარი ყველაფერზე რაც ხდება, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს იმ კითხვებზე პასუხები რომელიც არსებობს“, – დაწერა ასევე Facebook-ზე იმედა მღებრიშვილმა და დაამატა, რომ იგი იმ ადამიანებს უერთდება, „ვინც მზადაა ისაუბროს უფრო ღიად და დაიცვას მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“.

„თავისუფლად“ საუბრისა და „მოქმედების“ სურვილი მოტივაცია დაასახელა ქართული ოცნებიდან წასვლის მიზეზად ლევან კოჭლოშვილმაც. „[მსურს] შევუერთდე იმ ადამიანების რიგებს ვინც აპირებს იბრძოლოს სიმართლისთვის, დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას ასეთ რთულ მომენტში და ხელი შეუშალოს ყველა მცდელობას რომელმაც შეიძლება საქართველო ომამდე მიიყვანოს“, – დაწერა კოჭლოშვილმა ასევე Facebook-ზე.


„ქართული პოლიტიკის კულისებში“ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის „თანდათანობით“ და „დოზირებულად“ მიწოდების მიზეზით დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან წასვლა 28 ივნისს დაიწყეს. პირველები პარლამენტის სამი დეპუტატი – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი იყვნენ, რომელთაც თქვეს, რომ ევროკავშირის კანდიდატობის თემით მთავრობამ თავი „სათაგურში“ შეყო.

მოგვიანებით, მათ საკრებულოების წევრები შეუერთდნენ. 11 ივლისს, იმავე მიზეზით სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ქართული ოცნება და დაკავებული თანამდებობა ქართული ოცნების ხუთმა წევრმა დატოვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button