skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც, მისი დღევანდელი გადაწყვეტილება „იოლი გასაგები“ ვერ იქნება, შეწყალების „არსი“ ახსნა და ხაზი გაუსვა, რომ ის პოლიტიკურ პატიმრებს არ იწყალებს, რადგანც მისივე შეფასებით, „საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები“.

ფორმალური და არაფორმალური მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება 8 მარტს შედგა. მხარეებმა ხელი ორ დოკუმენტს მოაწერეს. ერთი ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის რეფორმას ეხებოდა, ხოლო მეორე, როგორც ოპოზიციაში განმარტავდნენ – „პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“. შეთანხმების მეორე ნაწილს სხვაგვარად განმარტავდნენ ქართულ ოცნებაში და ამბობდნენ, რომ ჩანაწერი ზოგადი ხასიათის იყო, რითაც მმართველი გუნდი უბრალოდ იმის პასუხისმგებლობას იღებდა, რომ ქვეყანში პოლიტიკური მოტივით დევნა არ იარსებებდა.

ოცნება, რომ „პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“ არ გეგმავდა, ეს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის 11 მაისის ბრიფინგიდან გახდა ნათელი, როდესაც მან თქვა, რომ მმართველ პარტიას „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების პირობა „არავითარი ფორმით, არავის წინაშე არ დაუდია“.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ოპოზიციის 13 მაისის ერთობლივი განცხადება მოჰყვა, სადაც მათ ერთხმად განაცხადეს, რომ „პოლიტპატიმრების გათავისუფლების“ გარეშე ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ.

პარალელულად, მომლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს 8 მარტის შეთანხების ორივე პუნქტის შესრულებისკენ საერთაშორისო პარტნიორებმაც მოუწოდეს, მათ შორის, დიალოგის ფასილიტატორმა ელჩებმა.

მანვე განმარტა, რომ იგი არც უდანაშაულო პატიმრებს იწყალებს და „შეწყალება არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას“. „დამნაშავე რჩება დამნაშავედ, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან. ანუ შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს დამნაშავეს გამართლებას“, – თქვა პრეზიდენტმა.

ამის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ იგი უგულავას და ოქრუაშვილს „სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით [და] შიშით“, – არ იწყალებს. „პრეზიდენტის ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე, უნდათი არავინ არ უნდა საუბრობდეს!“, – განაცხადა მანვე.

„ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ამ გადაწყვეტილებას ვიღებ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი – მარტო, ჩემი პასუხისმგებლობით, გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან“, – თქვა პრეზიდენტმა. „ეს შეწყალება არ ეფუძნება ჩვეულებისამებრ ჰუმანურ პრინციპებს ან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის გამო შესაძლოა ადამიანს შეუმსუბუქდეს სასჯელი ან სრულად გაუუქმდეს“, – დასძინა მანვე.

ამის შემდეგ, პრეზიდენტმა უკვე მის მიერ მიღებული გადაწყვეტლების მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „დღეს ქვეყანა დგას მწავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე“.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღწეულ შეთანხმებაში [8 მარტის], რომელსაც მეც მივესლამე, რჩება გარკვეული ბუნდოვანება (რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა), რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დააყენოს საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები და, მაშასადამე, საფრთხე შეუქმნას ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს- სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ამ სიტუაციით „მანიპულირებას“, პროცესების ქუჩაში გადატანას და „დესტაბილიზაციის პროვოცირებას ცდილობს“, თუმცა „ამისი ძალა ნაკლებად გააჩნია“.

მეორე მხრივ, ზურაბიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ „პოლიტიკურ ვითარებიდან სწრაფი გამოსვლის“ და „სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი, ჩანს“, რომ არც ქართულ ოცნებას აქვს.

„აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა, სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება! ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება“, – ამბობს იგი.

„ვერ დავუშვებ, ორი დამნაშავის გამო, რომ სიტუაცია გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას. ვერ დავუშვებ რომ ამათ გამო, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს. სხვა შემთხვევაში, ქვეყანა ვერ გაუმკლავდება, ვერც კორონას, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს. ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დევს!“, – აცხადებს პრეზიდენტი.

იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი მისი „მანდატის ერთ-ერთ ურთულეს გადაწყვეტილებად დარჩება“, თუმცა განმარტავს, რომ „ორ ადამიანს“ ქვეყნის ვერ გადააყოლებს.

„დღეს, ჩემს თავზე ვიღებ ამ მძიმე ტვირთს, ვათავისუფლებ საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის ოდიოზურ ფიგურებს და ამავდროულად ერთხელ და სამუდამოდ ვათავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან, რომელიც რეალურად წინსვლაში გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

„საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ამას ხელს ვერავინ შეუშლის!“, – დასძენს პრეზიდენტი.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად: 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები 120/30 ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული ფორმით (77-ის ნაცვლად), ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს.

ამასთან, პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება. აგრეთვე, დაწესდება ე.წ. 40%-იანი ჩამკეტიც, რაც იმას გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button