skip to content
ახალი ამბები

ევროკომისიის მოხსენებითი ბარათი: რეკომენდაციები საქართველოსთვის

ქვემოთ წარმოდგენილია საქართველოს შესახებ ევროკომისიის მოხსენებითი ბარათის ამონარიდი, რომელიც შეეხება ქვეყნისთვის მიცემულ რეკომენდაციებსა და სამუშაო პრიორიტეტებს, რომელთა გათვალისწინების შემდეგაც, ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება შეეძლება. ევროკომისიის თქმით, ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით (AA/DFCTA), შესრულების გზაზე, საქართველო თანდათან მიუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობის (acquis) მრავალი თავის მნიშვნელოვან ელემენტებს. კომისიის აზრით, მთლიანობაში საქართველომ შექმნა მყარი საფუძველი შემდგომი დაახლოებისათვის.

ქვემოთ მოცემულია მოხსენებითი ბარათის ჩვენეული თარგმანი (ხაზგასმები ევროკომისიისაა):

დასკვნები და რეკომენდაციები

„მაშასადამე, კომისია რეკომენდაციას აძლევს საბჭოს, საქართველოს მიეცეს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი.

კომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მას შემდეგ, რაც იგი დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ პრიორიტეტულ საკითხებს:

  • 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით გადაჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით;
  •  უზრუნველყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა, გააძლიეროს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; კიდევ უფრო გააუმჯობესოს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო, აღმოფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც ამ პროცესების დროს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭომ/ვენეციის კომისიამ გამოავლინა;
  • მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულებით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება; სახელდობრ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში; გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით;
  • გააძლიეროს ანტი-კორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტი-კორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები; აღჭურვოს ახლადდაარსებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო იმ რესურსებით, რომლებიც მათ მანდატს შეესაბამება და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;
  • „დეოლიგარქიზაციის“ [პირობისადმი] ერთგულება, [რაც უნდა მიღწეული იქნას] ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრით;
  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, რაც უნდა დაეფუძნოს საფრთხის დეტალურ შეფასებებს, კერძოდ, საგულდაგულო გამოძიებების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების სანდო გამოცდილების უზრუნველყოფის გზით; სამართალდამცველი უწყებების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა უნდა იყოს გარანტირებული;
  • უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე;
  • მყისიერად გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, ძალადობის შემოქმედთა და მოთავეთა მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით;
  • გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ;
  • უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე;
  • მიღებული იქნეს კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში;
  • უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭება დამოუკიდებელ პიროვნებას და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ; დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

კომისია შეამოწმებს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების მოგვარების გზაზე და მათზე შეფასებას 2022 წლის ბოლოს გამოაქვეყნებს.

გაწევრების პროცესი ეფუძნება გაწერილ კრიტერიუმებსა და პირობებს. აღნიშნული შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ ამ პროცესში მყოფ ქვეყანას მიაღწიოს წინსვლას საკუთარი დამსახურების საფუძველზე; მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ პირობების შეუსრულებლობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკანდახევის ტოლფასი იქნება“. 

გასათვალისწინებელია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხზე საბჭო 23-24 ივნისს მიიღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button