Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე შეიწყალა.

„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ წერილში.

საქართველოს პრეზიდენტმა 19 აპრილს, ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებაზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ თუკი პარტიები ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ახალ კომპრომისულ წინადადებას ხელს მოაწერდნენ, იგი შეიწყალებდა გიორგი რურუას. მაშინ პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალების აქტს ხელს მას შემდეგ მოაწერდა, რაც შეთანხმება ძალაში შევიდოდა.

ოპოზიცია გიორგი რურუას, რომელიც 2019 წლის 24 სექტემბრიდან „მთავარ არხის“ 2.5%-იანი წილის მფლობელია, „პოლიტპატიმრად“ მიიჩნევდა. 2019 წლის ნოემბერში იგი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, ოთხწლიანი პატიმრობა კი 2020 წლის ივლისში შეუფარდეს. ოპოზიცია რურუას გათავისუფლების საკითხს ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მთავარ მოთხოვნად ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ევროკავშირისა და აშშ-ის ფასილიტაციით დაწყებული მოლაპარაკებების დროსაც აყენებდა.

იმ ჯერზე, მართალია, ხელისუფლება და ოპოზიცია 2020 წლის 8 მარტს შეთანხმდნენ, თუმცა რურუას საკითხი გაურკვეველი დარჩა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ გიგი უგულავასთან და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, რასაც უარყოფდა მმართველი პარტია. ქართული ოცნება იმხანადაც ამბობდა და ახლაც აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან.  პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი უგულავა და ოქრუაშვილი 2020 წლის მაისში შეიწყალა, თუმცა რურუას გათავისუფლებაზე ამ დრომდე უარს აცხადებდა.

რურუას გათავისუფლებას ერთ-ერთ მთავარ საკითხად აყენებდა ოპოზიცია ქართულ ოცნებასთან 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული კრიზისის მოსაგვარებელი მოლაპარაკებების დროსაც. საბოლოოდ, ევროკავშირის წყალობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებით ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ აიღეს ვალდებულება, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, გადაეჭრათ „პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული ორი საკითხი [მელიას და რურუას], ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button