ახალი ამბები

საია: 2025 წელი ‘შეზღუდული თავისუფლებების’ წელია საქართველოში

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 10 დეკემბერს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2025 წელს აჯამებს.

„2025 წელი შეზღუდული თავისუფლებების წელია, რაც ნიშნავს, რომ ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე – იმ უფლებებზე, რომლებიც დემოკრატიას ფუნქციურს ხდის“, – ნათქვამია 48-გვერდიან ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2024 წელს დაწყებული „ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების პროცესი“ 2025 წელსაც გაგრძელდა, რა დროსაც ხდებოდა „ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ძირის მიზანმიმართული გამოთხრა სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს გაუარესებით, ფიზიკური ძალადობით, უსაფუძვლო დაკავებებით და დაჯარიმებებით, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებითა და დეზინფორმაციის კამპანიებით“.

დოკუმენტის თანახმად, გაერთიანების თავისუფლების კუთხით სიტუაცია 2025 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა. „გარდა ახალი რეპრესიული კანონების მიღებისა „ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოებას ასევე პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებებით, ანგარიშების დაყადაღებით და გამოკითხვებით ავიწროებდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

„რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლება. მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის აკრძალვით, ცილისწამებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის დაცვის გარანტიების შესუსტებით, მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების ბლანკეტური აკრძალვით, სასამართლოებში მედიის საქმიანობის შეზღუდვით“, – აცხადებს საია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2025 წელსაც გრძელდებოდა დემონსტრანტების არასათანადო მოპყრობა და რომ კვლავ დაუსჯელები რჩებიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სისტემურ წამებაზე პასუხისმგებელი პირები.

დოკუმენტში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად გამოიკვეთა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. საიას მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების თანახმად, 2024-2025 წლებში აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით ბრალი წარედგინა, ჯამში, 147 აქტივისტსა და პოლიტიკოსს, მათ შორის, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების შემდგომ დაკავებულია 66 პირი. „აქტივისტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენება მიმართულია არა მხოლოდ კონკრეტული შესაძლო დანაშაულის აღკვეთის, არამედ, ასევე, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლისკენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის თქმით, 2025 წელს გრძელდებოდა კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეებისგან სახელმწიფო სამსახურების წმენდა და მათი შრომითი გარანტიების შესუსტება, რაც „დასაქმებულებს დისკრიმინაციის და შრომითი უფლებების დარღვევის სამიზნედ ხდიდა“.

ანგარიშის თანახმად, კვლავ პრობლემურია თანასწორობის უფლების რეალიზებისა და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის კუთხით არსებული ვითარება.

This post is also available in: English

Back to top button