Placeholder canvas
ახალი ამბები

პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 15 ივლისს განაცხადა, რომ დააკმაყოფილა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის შესახებ ოპოზიციის ნაწილის მიმარვა და შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობისთვის რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თაობაზე 13 ივლისს მიმართეს.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა რიგგარეშე სესიის მოწვევის გადაწყვეტილების მიზეზებიც ახსნა და თქვა, რომ დღეს ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაა და ახლა შესვენება „გამართლებული არ არის“.

„ამდენად მიმაჩნია, რომ სესია სრულიად გამართლებულია…, კომიტეტები და კომისიები ასევე გამართლებულია და მე ყველას მოვუწოდებ – ოპოზიციასაც და ხელისუფლებას, უმრავლესობას, რომ ყველაფერში სრულად მიიღონ მონაწილეობა“, – თქვა პრეზიდენტმა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების ფარგლებში მისაღებ კანონებზე მუშაობისთვის „ყველა ძალისხმევა“ უნდა გამოვიყენოთ. „ყველა საკითხი და, პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი, ჩვენი ერთად ყოფნით და დიალოგით, პარლამენტში ყოფნით უნდა იყოს გადაწყვეტილი“, – დასძინა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა. ის ევროპული პერსპექტივა, რომელიც მივიღეთ და არავის არა აქვს უფლება, რომ ამ პერსპექტივიდან და ამ გზიდან გადაგვიყვანოს“.

სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის თარიღი არ დაუკონკრეტებია, თუმცა მედიის ცნობით, ის 18 ივლისიდან არის მოწვეული.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე წუხილი გამოხატა აშშ-ის საელჩოს მხრიდან ზეწოლაზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელი ბრალდების გამო და აღნიშნა, რომ „არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა“.

მისი განმარტებით, რაიმე მტკიცებულებების არსებობის შემთხევაში, საერთო დიპლომატიური წესის თანახმად, „ელჩთან გაიმართოს ერთი-ერთზე საუბარი“ და არა ტელევიზიებით.

„ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არა გვყავს…“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button