ახალი ამბები

რეგიონების საკრებულოებში „ოცნების“ წევრები პარტიასა და თანამდებობებს ტოვებენ

ლაგოდეხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ქართული ოცნების საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილებმა – გიორგი ღამბაშიძემ და საბა კბილაშვილმა, ასევე ჭიათურისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეებმა – ნიკა სამხარაძემ და ომარ ჯიხვაშვილმა 11 ივლისს განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ოცნებიდან წასულ პარლამენტის სამ დეპუტატს და მმართველი პარტიასა და დაკავებულ თანამდებობებს ისინიც ტოვებენ.

პარლამენტის სამმა დეპუტატმა – მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნება 28 ივნისს დატოვეს და განაცხადეს, რომ საზოგადოებას „ქართული პოლიტიკის კულისებში“ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას „თანდათანობით“ და „დოზირებულად“ მიაწვდიან. მათვე ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირის კანდიდატობის თემით მთავრობამ თავი „სათაგურში“ შეყო.

წასვლის შესახებ გვიან ღამით, Facebook-ზე პირველად გიორგი ღამბაშიძემ დაწერა და მიზეზად „უფრო თავისუფლად“ ლაპარაკის სურვილი დაასახელა. ღამბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის „წითელი ხაზი“ ოცნებიდან ცოტა ხნის წინ წასული პარლამენტის დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილზე აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის „შეურაცხმყოფელიპასუხი აღმოჩნდა, სადაც ელჩმა აღნიშნა, რომ ყაველაშვილის მიერ მისი მისამართით გაგზავნილი წერილი „ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით სავსე“ იყო. ყაველაშვილმა 8 ივლისს გავრცელებულ წერილში აშშ-ის ელჩი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლებისა და ოპოზიციის წაქეზებაში დაადანაშაულა, რაც, ყაველაშვილისა და ოცნებიდან წასული მისი კიდევ ორი კოლეგის, დიმიტრი ხუნდაძისა და სოზარ სუბარის თქმით, ქვეყანას რუსეთთან ომისკენ უბიძგებს.

აღნიშნა რა, რომ მიხეილ ყაველაშვილის მიერ წერილში დასმული კითხვები „ხალხს აწუხებს“, ღამბაშიძემ მოუწოდა კელი დეგნანს, დაასახელოს „თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს“.

ღამბაშიძის თქმით, კელი დეგნანის დამოკიდებულება „ნამდვილად აზიანებს საქართველოს და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას და ურთიერთობას, რაც არცერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის კარგი არ არის!“.

„საქართველო აღარასდროს დაბრუნდება საბჭოთა, რუსულ წარსულში და არასდროს შეეგუება, სიტუაციას, სადაც ცეკას მდივნები თუ ინსტრუქტორები, რუსეთიდან იძლეოდნენ დავალებებს“, – განაცხადა მან.

დასასრულს, გიორგი ღამბაშიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მმართველი გუნდის წინააღმდეგ წასვლას არ აპირებს, უბრალოდ პარლამენტიდან წასული სამი დეპუტატის მსგავსად მიიჩნევს, რომ „ხალხს უფრო ღია ტექსტებით და მეტი სიმართლე უნდა ველაპარაკოთ!“.

„თუ კი ვინმეს, მუნიციპალიტეტებიდან, სურვილი აქვს შემომიერთდეს – მოხარული ვიქნები“, – დასძინა მან.

„ბევრი რამის“ პირდაპირ სათქმელად ქართული ოცნებიდან წასვლის მზაობა დღეს დილით ასევე Facebook-ით გამოხატა ნიკა სამხარაძემ და დაეთანხმა ღამბაშიძეს, რომ „ნამდვილი მეგობრები“ „ცეკას წარმომადგენლებივით“ არ უნდა გველაპარაკებოდნენ.

აღნიშნა რა, რომ პარლამენტიდან წასულ სამ დეპუტატს „ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია“ აქვს, სამხარაძემ ხაზი გაუსვა, რომ მათ მხარდაჭერა სჭირდებათ „ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე“.

„ისეთი სიმართლის თქმისთვის, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისთვის ძნელია“, პარტიიდან წასვლის შესახებ ცოტა ხნის წინ, ასევე Facebook-ზე დაწერა ომარ ჯიხვაშვილმაც.

ღამბაშიძის მოწოდებას ცოტა ხნის წინ შეუერთდა საბა კბილაშვილიც. „ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა, როგორც ეს სამმა პარლამენტარმა გააკეთა“, – დაწერა მან ცოტა ხნის წინ ასევე Facebook-ზე.

განახლება:

დღის ბოლოს, ხალხს, „ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს“, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ გოგინაშვილიც შეუერთდა. „ქართველმა ხალხმა (განსაკუთრებით გორელებმა) კარგად იცის როგორია ომის ფასი, რომლისკენაც სურთ რადიკალურ ძალებს უბიძგონ ჩვენ ქვეყანს. იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნებოდეს მათ და ყველა მსგავს ძალას და მცდელობას, სამწუხაროდ ვნახეთ საპირისპირო“, – დაწერა მან ასევე Facebook-ზე.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 12 ივლისის 13:00 სთ-ზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის აწ უკვე ყოფილი მოადგილის, მიხეილ გოგინაშვილის განცხადების შესაბამისად განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button