ახალი ამბები

ქართულ ოცნებას სამი დეპუტატი ტოვებს

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ მმართველი პარტიის სამი დეპუტატი – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი პარტია ქართულ ოცნებას და საპარლამენტო ფრაქციას ტოვებენ და საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით განაგრძობენ.

მდინარაძის თქმით, „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ფიქრობენ, რომ „დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს“.

მისივე განცხადებით, სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი მიიჩნევენ, რომ „ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტების და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს“.

„მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისათვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით შესაძლებელია გარკვეული უხერხულობები შექმნან ამ მიმართულებით“, – დასძინა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი პარტიის აღმასრულებელ მდივნის ნათქვამიდან გაურკვეველი დარჩა, თუ რა ინფორმაციის „დოზირებაზე“ იყო საუბარი და რის გამჟღავნებაში უშლიდათ ხელს მმართველი პარტიის წევრობა წასულებს.

საგულისხმოა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ თუკი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება „უსამართლო“ იქნებოდა, იგი ყველაფერს „ფარდას“ ახდიდა.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებები

დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ 10 ივნისს განაცხადა, რომ „[კანდიდატის] სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ“ და დასძინა – „თუკი საქართველო [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც [ევროპარლამენტის] რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“.

ევროპარლამენტის მიერ მიღებული კრიტიკული რეზოლუციის საპასუხოდ, ხუნდაძემ ასევე თქვა, რომ „გვქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა“.

„რა განსხვავებაა, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?!“, – იკითხა მან.

საგულისხმოა, რომ დიმიტრი ხუნდაძეს მმართველი პარტიის პოზიციებიდან ფორმალური დაშორების გამოცდილება წარსულშიც ჰქონია. 2019 წელს, ქართული ოცნების დეპუტატებიდან ის ერთ-ერთი იყო, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მმართველი გუნდისვე დაპირებას მხარი არ დაუჭრა.

შედეგად, საკანონმდებლო ინიციატივა ჩავარდა, რამაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button