სიახლეების ბლოგი: საქართველოს სადავო არჩევნები
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ეს იყო პირველი სრულად პროპორციული არჩევნები საქართველოში, 5%-იანი ბარიერით, ისევე როგორც პირველი ელექტრონული არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90%-მა ხმა საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგები ასეთია: (41) ქართული ოცნება – 53,93%; (4) კოალიცია ცვლილებისთვის – (ახალი+გირჩი – მეტი თავისუფლება+დროა) 11,03%; (5) ერთობა – საქართველოს გადასარჩენად – 10,17% (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა + სტრატეგია აღმაშენებელი); (9) ძლიერი საქართველო (ლელო საქართველოსთვის + ხალხისთვის + მოქალაქეებისთვის + თავისუფლების მოედანი) – 58,81%; და (25) საქართველოსთვის (ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით) – 7,78%.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობენ და ოფიციალური შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ეუთო/ოდირმა თავისი პირველი წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „კენჭისყრის დღემ დამკვიდრებული პოლარიზაცის ფონზე ჩაიარა, რომელსაც ბოლო დროს მიღებული კანონის და ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი ზეგავლენის გამო მზარდი შეშფოთება აზიანებდა“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგები არ ცნო და არჩევნების გაყალბების დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვა. ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებს. ოპოზიციის ლიდერებმა გაასაჯაროვეს გეგმა, რომლის თანახმადაც საჭიროა: 1) საქართველოს ყველა მოქალაქის ინფორმირება გაყალბების, მოტყუების და მაქინაციების შესახებ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების მოსაპარად გამოიყენა; 2) იმის უზრუნველყოფა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა არ ცნონ გაყალბებული არჩევნები; 3) დემოკრატიული წინააღმდეგობის, სამოქალაქო აქტივიზმისა და ქუჩის პროტესტის გაგრძელება.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მა და ევროკავშირმა, საარჩევნო დარღვევებზე დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ ეს არჩევნები საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირსა და ნატოს.
26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომი მოვლენების ქრონოლოგია 13 ნოემბრამდე იხილეთ ჩვენს საპარლამენტო არჩევნების ბლოგში.
ხუთშაბათი, 28 ნოემბერი
20:54 – პოლიციამ ქუთაისში მშვიდობიანი მომიტინგე დააკავა
პოლიციამ ქუთაისში მიშა მუმლაძე დააკავა. ის ქუთაისში ადგილობრივებთან მშვიდობიან აქციას მართავდა, როცა ხალხს ქუჩის გადაკვეთისკენ მოუწოდა, პოლიციელები კი თავს დაესხნენ, ტანსაცმელი დაახიეს და მიუხედავად ხალხის მოწოდებისა, რომ გაჩერებულიყვნენ, რადგან ის ცუდად იყო, პოლიციელებმს ის მანქანამდე მიიყვანეს და დააკავეს. პოლიციამ განაცხადა, რომ მუმლაძემ მათ ბრძანებას პატივი არ სცა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
20:30 –საქართველოს მასშტაბით პარალელური აქციები იმართება
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივები იკრიბებიან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ აქციებია ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. თბილისში ხალხი სამ ადგილას იკრიბება: პარლამენტის, ქართული ოცნების ოფისისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ.
20:00 – კულტურის სფეროს, სსო-ების წარმომადგენლები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ახალი ბრძოლისკენ მოუწოდებენ
კულტურის სფეროს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტის შესახებ „ქართული ოცნების“ „არაკონსტიტუციური“ გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაანონსეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რატი ამაღლობელმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის გადაწყვეტილებას ღალატი უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ უნდა შეეგუონ მას. მან საქართველოში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ახალი ბრძოლა დააანონსა და მოუწოდა ევროკავშირს უგულებელყოს არალეგიტიმური ხელისუფლების განცხადება. მისი თქმით, დღეს საქართველოს თავისუფალი მოქალაქისთვის ახალი ეტაპი დაიწყო.
თბილისში, ქართული ოცნების ოფისის წინ მოქალაქეები იკრიბებიან.
19:00 – პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩანიშნა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო რეჟიმში შეხვედრა ჩანიშნა. ამ გადაწყვეტილებს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე.
18:15 – „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს დღის წესრიგიდან ხსნის
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის მიერ დღესვე მიღებული რეზოლუცია, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
17:30 – პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების წევრებს შეხვდა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალი პარლამენტის არაღიარებას და მთავრობის დელეგიტიმიზაციას, როგორც ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტს აქვს ისტორიული როლი და მისია ქვეყნის გაერთიანების საქმეში და მას „ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი“ და „ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის ლიდერი“ უწოდა. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ, ალეკო ელისაშვილმა და ანა დოლიძემ ასევე გაუსვეს ხაზი სალომე ზურაბიშვილის როლს გამაერთიანებელი ქმედებების კოორდინაციის საქმეში.
16:00 – გურამ ჩუხრუკიძე „ჩემი ხმიდან“ 500 ლარით დააჯარიმეს
„ჩემი ხმა“-ს დამკვირვებელი გურამ ჩუხრიკიძე 500 ლარით დააჯარიმეს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს გზის გადაკეტვისთვის. იგი 26 ოქტომბერს მარნეულში აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს. ჩუხრიკიძის თქმით, ეს არის რეჟიმის სამართლის კიდევ ერთი გამოვლინება და რომ ისინი ყველას დაშინებას ცდილობენ, რომ ხმა აღარ ამოიღონ.
14:00 – მოსამართლემ 10 აქტივისტი საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის 500 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ათი აქტივისტი, ვინც გაყალბებულ არჩევნებს ქუჩიდან აპროტესტებდა, თითოეული 500 ლარით დააჯარიმა. მათ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევას ედავებიან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის დაჯარიმებულები არიან: ლაშა ფარულავა, ნიკოლოზ კუჭუხიძე, ნოდარ ჩიკვილაძე, ნონა კიურეგიანი, თინათინ მესხი, ბანიამინ კასიმოვი, ვახტანგი მაღრაძე, არჩილ მუსელიანცი, სოფიკო ბერულავა, ნინო ლიპარტელიანი.
12:20 – ლაშა ფარულავა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობიდან“ 200 ლარით დააჯარიმეს და სასამართლო დარბაზიდან გააძევეს
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა სასამართლოს უპატივცემულობის გამო სასამართლოს დარბაზიდან გააძევეს და 200 ლარით დააჯარიმეს. კერძოდ, მან განაცხადა, რომ მოსამართლეც და სასამართლოც რუსულ „სპეცოპერაციაში“ მონაწილეობდნენ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რუსული რეჟიმია. ფარულავამ განაცხადა, რომ მოსამართლე ცეკვავას ქმედებებზე გავლენა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მითითებებმა მოახდინა, რის გამოც მას სასამართლოს დარბაზი დაატოვებინეს. მოსამართლე ზვიად ცეკვავა ერთობლივად განიხილავს 10 პირის, მათ შორის ფარულავას საქმეს, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალწარმოება 10 ნოემბერს საპროტესტო აქციის დროს სანაპიროს გადაკეტვის გამო დაიწყო იმ მოტივით, რომ აქტივისტებმა დაარღვიეს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ. ფარულავამ განაცხადა, რომ შსს მათ იმ დანაშაულს აბრალებს, რომელიც არ ჩაუდენიათ.
ოთხშაბათი, 27 ნოემბერი
17:55 – კიდევ ერთი აქტივისტი 2000 ლარით დააჯარიმეს
კიდევ ერთი აქტივისტი ვანო გომურაშვილი 27 ნოემბერს 2000 ლარით დააჯარიმეს. იგი 16 ნოემბერს ცესკოს შენობასთან აქციაზე გზის გადაკეტვისთვის დააკავეს; შსს-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გომურაშვილმა პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა და მის მოთხოვნას არ დაემორჩილა. თუმცა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, რადგან დაკავებაში მონაწილე პოლიციელის სამხრე კამერა ავტომატური წაშლის რეეჟიმზე იყო დაყენებული.
17:30 – „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებმა პარლამენტს მანდატების გაუქმების თხოვნით ინდივიდუალურად მიმართეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ 19 წევრმა, რომელთაც სადეპუტატო მანდატები მიენიჭათ, პარლამენტს ინდივიდუალურად მიმართეს მანდატების გაუქმების თხოვნით. კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ ამჟამინდელი პარლამენტი არალეგიტიმური და არაკონსტიტუციურია. მანამდე მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიული სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს. შედეგად, ცესკომ გააუქმა „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიები. გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ერთადერთი პარტია რჩება, რომელსაც ცესკო-სთვის სიების ჩახსნის თხოვნით ჯერ არ მიუმართავს.
15:50 – აქტივისტი 500 ლარით დააჯარიმეს, მხარდამჭერები სასამართლოს ეზოდან გააძევეს
10 ნოემბრის აქციის ერთ-ერთი მონაწილე ილია სეთური 500 ლარით დააჯარიმეს. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მის წინააღმდეგ მტკვრის მარცხენა სანაპიროს გადაკეტვის გამო დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სეთური აქციაში მონაწილეობას აღიარებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტების მიერ წარმოდგენილ ვიდეოებში გამოჩენას უარყოფს.
სეთურის დაჯარიმების შემდეგ მისი მხარდამჭერები სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ. თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, ბანერების გამოყენება აუკრძალეს და სასამართლოს ეზოდან გააძევეს. დაცვამ ჭიშკარიც ჩაკეტა. აქტივისტები აცხადებენ, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონით, მათ სასამართლოს შენობიდან 20 მეტრში პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ.
14:50 – ორი დაკავებული აქტივისტი რვადღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
ორი აქტივისტი ისაკო დევიძე და დავით წოწორია, რომელთაც რვადღიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, გაათავისუფლეს. ისინი 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე ძალადობრივი დარბევის დროს დააკავეს. „ჩვენ ვწერთ ახალი საქართველოს ისტორიას. აუცილებლად გავიმარჯვებთ“, განაცხადა ისაკო დევიძემ, რომელსაც მშრალი შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, იზოლატორის დატოვების შემდეგ.
14:35 – აქციის 11 მონაწილის სასამართლო პროცესი 11 დეკემბრამდე გადაიდო
ჭავჭავაძის გამზირისა და სანაპიროს გადაკეტვაში ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო 11 დეკემბრამდე გადაიდო. საქმე ეხება 10 ნოემბერს ჯგუფ „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებულ აქციებს, ასევე 17 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართულ აქციებს. შსს-მ მონაწილეებს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევისთვის ბრალი წაუყენა იმ მიზეზით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ ამართლებდა გზების გადაკეტვას.
14:15 – სასამართლოში ნინო ლომჯარია გამოიკითხა
ყოფილი სახალხო დამცველი და სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელი ნინო ლომჯარია თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოიკითხა. ლომჯარიამ, რომელმაც თავიდანვე უარი თქვა პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე, განაცხადა, რომ სასამართლოში კონკრეტული მტკიცებულებებით მივიდა. ლომჯარიას თქმით, იგი აპირებს, რომ მისიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ევროკავშირის „ტექნიკურ მისიას“ წარუდგინოს. მანამდე სასამართლომ ასევე გამოკითხა „ჩემი ხმის“ ორი სხვა წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია და ტატო ქელბაქიანი.
სამშაბათი, 26 ნოემბერი
18:45 – ცესკომ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიები გააუქმა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკომ) „კოალიცია ცვლილებისთვის“, კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიები მათი მიმართვის შემდეგ გააუქმა. თუმცა, ცესკომ აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება სიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ „საარჩევნო ადმინისტრაცია იზიარებს პარტიების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით“.
„ცესკო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპების სრული დაცვით და ცესკოს მიერ შედგენილი იქნა კანონშესაბამისი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
17:00 – გახარია მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს, არ დაესწრონ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა სრულიად „არალეგიტიმური“ იყო პარლამენტის თავმჯდომარის „არალეგიტიმური“ დანიშვნით. მისი თქმით, ამას მოჰყვება მთავრობის „არალეგიტიმური“ დამტკიცება და საპრეზიდენტო არჩევნები და ინაუგურაცია, რომელიც საარჩევნო ვადის უხეში დარღვევით დაიგეგმა. გახარიამ დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა არ დაესწრონ 29 დეკემბერს დაგეგმილ ინაუგურაციას და განაცხადა, რომ მისი პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა აქვს ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების შემდეგ საარჩევნო კოლეგიაში, არ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესში.
16:20 – თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგაურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა – გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა. გიგაური 25 ნოემბრის აქციაზე დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. გიგაურის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციამ დაკავებისას სასტიკად სცემა, რის შედეგადაც მან ფიზიკური დაზიანებები მიიღო.
13:45 – „ძლიერი საქართველო“ ცესკოს პარტიული სიის ჩახსნის მოთხოვნით მიმართავს
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) საარჩევნო სიის ჩახსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავენ. კოალიციის ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა განმარტა, რომ დაპირების შესასრულებლად საჭირო სამართლებრივ პირობებს ელოდნენ. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ემსახურება და დასძინა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა „რუსული ოპერაციით“ და რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმები მოიპარა და ქართველ ხალხს ევროპისკენ მიმავალი გზა წაართვა.
13:35 – პროკურატურამ აქციის მონაწილეს საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალი წაუყენა
1980 წელს დაბადებულ ანატოლი გიგაურს საქართველოს პროკურატურამ 24 ნოემბერს, რუსთაველის გამზირისა და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე, აქციის მიმდინარეობისას პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალი წაუყენა. გიგაური 25 ნოემბერს დააკავეს და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
12:10 – „ქართული ოცნება“ ახალი პრეზიდენტის არჩევის თარიღს ასახელებს
„ქართული ოცნება“ საქართველოს ახალ პრეზიდენტს 14 დეკემბერს აირჩევს, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. თარიღი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა დამტკიცდეს, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებიან. „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯერ არ სახელდება.
ორშაბათი, 25 ნოემბერი
18:30 – კოალიცია ცვლილებისთვის ცესკოს პარტიული სიის ჩახსნის მოთხოვნით მიმართავს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა 25 ნოემბერს განაცხადეს, რომ ისინი კოალიციის პარტიული სიის ჩახსნის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავენ. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პროცედურულად, ოპოზიციამ ჯერ პროპორციული სიები უნდა ჩახსნას და შემდეგ ინდივიდუალურად იწერება განცხადებები საპარლამენტო მანდატების გაუქმების შესახებ. კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ კოალიცია არ ცნობს არჩევნების შედეგებს და არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტში.
17:00 – ბრიტანეთის საელჩო პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას გამოეხმაურა
ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ თვალყურს ადევნებს საქართველოს პარლამენტის სხდომას. „კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ვიზიარებთ ODIHR-ის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობისა და დიალოგში ჩართვის შესახებ“, – აცხადებს საელჩო.
14:05 – ვიცე-სპიკერებად ვოლსკი, წულუკიანი და წილოსანი აირჩიეს
დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად სამი კანდიდატი შეარჩიეს. პირველ ვიცე-სპიკერად გია ვოლსკი ხელახლა აირჩიეს. დეპუტატებმა ასევე დაუჭირეს მხარი თეა წულუკიანისა და ნინო წილოსანის კანდიდატურებს ვიცე-სპიკერების თანამდებობაზე.
14:00 – დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს
მე-11 მოწვევის პარლამენტმა შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩია.
12:50 – პარლამენტი 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.
12:00 – პარლამენტის სხდომა საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო
საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა გაიხსნა. მოქალაქეები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად მთელი ღამე გაათენეს, კვლავ საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ იმყოფებიან. შენობასთან მობილიზებულია პოლიცია, მათ შორის სპეცრაზმი. „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი პარლამენტში მარტო იმყოფება (1 დეპუტატი სხდომას ავადმყოფობის გამო არ ესწრებოდა). შენობაში ოპოზიციური ძალები არ შესულან. ელჩები სხდომაზე არ მიუწვევიათ.
კვირა, 24 ნოემბერი
22:00 – პოლიციამ აქციის მონაწილეთა საავტომობილო კოლონას რუსთაველის გამზირზე გადაადგილების უფლება არ მისცა
პოლიციამ ხელი შეუშალა დემონსტრანტების მანქანებით გადაადგილებას რესპუბლიკის მოედნიდან, ხოლო პოლიციის სხვა დანაყოფებმა გადაკეტეს პარლამენტის შენობის გვერდითი ქუჩები, ვინაიდან ხვალ პარლამენტის სხდომის დაწყებისას საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ხალხის შეკრებაა მოსალოდნელი. აქციის მონაწილეებმა ღამის გასათევად კარვების გაშლა დაიწყეს.
21:00 – მსვლელობა და აქცია დაიწყო
მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ დაიწყო. მსვლელობა და აქცია გუშინ დაანონსდა. აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ ხელი შეუშალონ პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას 25 ნოემბერს დილით, რომელიც, მათი თქმით, არალეგიტიმურია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება გაყალბებული არჩევნების შედეგად მიიტაცა.
ამავდროულად, თბილისისკენ დიდი რაოდენობით მანქანები მოემართება. რუსთაველის გამზირზე დღევანდელ და ხვალინდელ აქციებს რეგიონებიდან მომიტინგეები უერთდებიან.
17:00 – პროფესორ-მასწავლებლებისა და კულტურის სექტორის წარმომადგენლების პარალელური აქცია თბილისში
თბილისში ამ წუთებში ორი პარალელური აქცია იმართება. რუსთაველის გამზირიდან კულტურის სექტორის წარმომადგენელთა აქცია დაიწყო და იქ შეკრებილი მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი შენობისკენ დაიძრებიან. მეორე აქცია პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მონაწილეობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო და ისინიც აქციის სხვა მონაწილეებს თსუ-სთან შეხვდებიან.
15:00 – თბილისში ქალთა მარში „ბიძინა წადი! მე ვრჩები“ გაიმართა
ქალთა მარში საქართველოში გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ თავისუფლების მოედანზე დაიწყო, საიდანაც აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გაემართნენ. ქალებმა ჩემოდნები მოიტანეს და დემონსტრაციულად დატოვეს ბიძინას ივანიშვილის რეზიდენციის წინ და უთხრეს მას, ქვეყნიდან წასულიყო, რადგან ქალები უარს ამბობენ ემიგრაციაზე მისი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო.
შაბათი, 23 ნოემბერი
20:34 – ისაკო დევიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოთხდღიანი მშრალი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა
აქტივისტი ისაკო დევიძე, რომელიც 19 ნოემბერს 48-საათიანი მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი დარბევისას დააკავეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი იზოლატორში დააბრუნეს, რადგან ოთხდღიანმა მშრალმა შიმშილობამ ჯანმრთელობა გაუუარესა. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ისაკოს 24-საათიანი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, რადგან პროტესტის ნიშნად წყალსაც კი არ სვამს. თუმცა კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა, სადაც ისაკო გადაიყვანეს, მის ოჯახთან საუბარი და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაც კი არ ისურვა.
18:10 – აქციაზე დაკავებული ქალი ამბობს, რომ პოლიციის მანქანაში მუხლებზე დააყენეს
ნათია ძიძიგური, რომელიც 19 ნოემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის დროს დააკავეს, ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სიტყვიერი და სექსუალური შევიწროების სამიზნე გახდა. მან უთხრა ტელეკომპანია „ფორმულას“, რომ იგი აიძულეს პოლიციის მანქანაში მუხლებზე დამდგარიყო და არ აძლევდნენ დაჯდომის უფლებას, სანამ პოლიციელები მის მიმართ დამამცირებელ კომენტარებს აკეთებდნენ.
18:00 – 24 ნოემბერს მსვლელობა და აქცია დაანონსდა, ღამისთევით პარლამენტთან
საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მომდევნო ორი დღის გეგმა გამოაცხადეს, რომელიც მეორე დღეს, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებას ითვალისწინებს. მათი თქმით, მათ რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. შემდეგ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას გეგმავენ და იქ დარჩებიან 25 ნოემბრის დილამდე, სადაც ახალი პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოვლენ და შეიკრიბებიან თავისუფლების მოედანზე, ხოლო დასავლეთ საქართველოდან ჩამოსულები – რესპუბლიკის მოედანზე, რის შემდეგაც ისინი დედაქალაქის მაცხოვრებლებს რუსთაველის გამზირზე შეუერთდებიან.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გაიმეორეს მოწოდება მოსახლეობისადმი დასვენების დღის აღებისა და მისი საქართველოსთვის მიძღვნის თაობაზე. ისინი ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
16:00 – აქციის მონაწილეები გმირთა მოედანს 22:00 საათამდე გადაკეტავენ
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს გმირთა მოედნისკენ მსვლელობისკენ მოუწოდა. ოპოზიციის ლიდერებმა მოედანზე ორ ლოკაციაზე კარვების გაშლა და 22:00 საათამდე მოძრაობის ჩაკეტვა გადაწყვიტეს. ვაშაძემ ასევე მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს ორშაბათს, 25 ნოემბერს, როდესაც პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, არ იმუშავონ და რუსთაველის გამზირზე არჩევნების გასაპროტესტებლად მათ შეუერთდნენ.
15:48 – ბათუმში გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
ბათუმში ადგილობრივები პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოვიდნენ ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. საპროტესტო აქცია სტუდენტების ორგანიზებით მოეწყო და ისინი სხვა ადგილობრივებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოსკენ მიემართებიან.
15:00 – თსუ-სთან მორიგი საპროტესტო აქცია იმართება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ „არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს“ და ასევე გამოხატეს მხარდაჭერა ყველა აქტივისტის მიმართ, რომლებიც 19 ნოემბერს 48-საათიანი მშვიდობიანი აქციის დარბევისას დააკავეს.
პარასკევი, 22 ნოემბერი
14:49 – ზუგდიდში გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ მსვლელობა გაიმართა
ზუგდიდის მაცხოვრებლებმა არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. აქტივისტებმა ქალაქის მთავარი ქუჩა გადაკეტეს და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. ადგილობრივებს ოპოზიციური კოალიციების წევრებიც შეუერთდნენ.
14:26 – 20 სსო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ოპოზიციას არ დაესწროს პარლამენტის სხდომას
სსო-ებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, რადგან არ ჩატარდა თავისუფლად და სამართლიანად და არ იყო უზრუნველყოფილი ხმის მიცემის ფარულობა. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სსო-ებმა ბევრი რამ გააკეთეს მმართველი პარტიის ჩარევის ზემოქმედების შეზღუდვისა და გაყალბების მასშტაბების გამოსავლენად.
„ჩვენი ყველას მიზანი ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მიღწევაა“, – აცხადებენ განცხადების ავტორები და დასძენენ, რომ „ძალაუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ” ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით. ამისთვის საჭიროა შეურიგებლობა მოპარული არჩევნების შედეგებთან, “ე.წ. ხელისუფლებასთან” თანამშრომლობაზე უარის თქმა ყველა ფორმატში“. მათივე თქმით, „არავინ იბრძოლებს ჩვენს ნაცვლად“. ორგანიზაციები მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს არ მიიღონ მონაწილეობა „ქართული ოცნების“ მიერ მოწვეული პარლამენტის მუშაობაში.
13:25 – სასამართლომ მათე დევიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 წლის მათე დევიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დევიძე 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურამ მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა დევიძეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.
02:00 – თსუ-ში სტუდენტებს უნივერსიტეტის დაცვა და უცნობი პირი დაუპირისპირდნენ
სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ წევრებს, რომლებმაც არჩევნების შედეგების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაათიეს, ღამით დაცვის თანამშრომლები და უცნობი პირი დაუპირისპირდნენ. სტუდენტების თქმით, შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც დაცვამ მათ შენობაში გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს რამდენიმე სტუდენტი შეუძლოდ გახდა.
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი
20:00 – სახალხო მსვლელობა მათე დევიძის მხარდასაჭერად
მოქალაქეები, რომელიც კვირების განმავლობაში გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ, ახლა 21 წლის სტუდენტის მათე დევიძის მხარდასაჭერად მსვლელობას ატარებენ. მათე დევიძე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დევიძე 19 ნოემბერს 48-საათიანი მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი დარბევის დროს დააკავეს.
19:52 – ეუთო/ოდირი საპროტესტო აქციის დარბევისას პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებას გმობს
ეუთო/ოდირმა შეშფოთება გამოთქვა აქციების დარბევისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო და მოუწოდა ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებებს და ძალადობის გარეშე ჩაერთოს დიალოგში.
16:28 – სტუდენტებმა თსუ-ის წინ კარვები გაშალეს და რექტორის გადადგომას ითხოვენ
სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ კარვები გაშალეს და რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ, 19 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი დარბევის წინ პოლიციელებისთვის უნივერსიტეტის შენობის დათმობის გამო. სტუდენტებს თსუ-ს პროფესორები და მოქალაქეები უერთდებიან, რომლებიც თვლიან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. ისინი ღამის გათევას კარვებში აპირებენ.
15:00 – გახარია მოუწოდებს დიპლომატიურ კორპუსს, არ დაესწრონ პარლამენტის პირველ სხდომას
ოპოზიციური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მოუწოდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „არ ცნონ არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაცია მის პირველ სხდომაზე დასწრებით“.
14:00 – საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხა
19 ნოემბერს საპროტესტო აქციის დროს დაკავებული და 21 ნოემბერს გათავისუფლებული მოქალაქე ალექსანდრე ქავთარაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას. ქავთარაძე, რომელიც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს, დაკავების დროს მის მიმართ პოლიციის ძალადობაზე საუბრობს.
12:50 – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და 30 დეპუტატის საჩივრებს ერთად განიხილავს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და 30 დეპუტატის მიერ შეტანილ სარჩელებს ერთდროულად განიხილავს, რადგან შინაარსობრივადაც ისინი „თითქმის ერთმანეთს ემთხვევა“. მისი თქმით, პრეზიდენტის სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია და მეორე სარჩელის რეგისტრაცია მიმდინარეობს. ტურავამ განაცხადა, რომ სარჩელების დარეგისტრირების შემდეგ ორივე მათგანი წარმოებაში მიღების ეტაპს გაივლის. მისივე თქმით, საჩივრების წარმოებაში მიღების საკითხს სასამართლო დღეს, დღის მეორე ნახევარში განიხილავს. ტურავამ ასევე აღნიშნა, რომ სარჩელების განხილვის მაქსიმალური ვადა არის ერთი თვე.
ოთხშაბათი, 20 ნოემბერი
21:32 – 19 ნოემბერს დაკავებულ აქტივისტს რვადღიანი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი დარბევის დროს დაკავებულ აქტივისტს ისაკო დევიძეს რვადღიანი პატიმრობა შეუფარდა.
21:24 – 19 ნოემბერს დაკავებული აქტივისტი 2700 ლარით დააჯარიმეს
მედიის ინფორმაციით, აქტივისტი ირაკლი ანდღულაძე, რომელიც 19 ნოემბერს 48-საათიანი მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი დარბევისას დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 700 ლარით დააჯარიმა. კიდევ ორი დაკავებული აქტივისტის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
19:10 – პროფესორ-მასწავლებლები 19 ნოემბრის აქციის დარბევაში თსუ-ს ჩართულობას აპროტესტებენ
პროფესორ-მასწავლებლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, სადაც პოლიციის მიერ 19 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დასაშლელად უნივერსიტეტის სივრცის ბოროტად გამოყენება დაგმეს. საჯარო განცხადებაში, რომელსაც 450 ადამიანი აწერს ხელს, მათ დაგმეს თსუ-ს ჩართულობა ამ პროცესში, პასუხისმგებლობა უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს დააკისრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ადმინისტრაცია, რომელიც უგულებელყოფს სტუდენტების უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, მიიღებს აკადემიური საზოგადოების მკაცრ პროტესტს. პროფესორ-მასწავლებლები თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომას მოითხოვენ.
18:00 – სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
17:35 – ცესკოს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირთაძე 500 ლარით დააჯარიმეს
ცესკო-ს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, დავით კირთაძე კომისიის თავმჯდომარესთვის, გიორგი კალანდარიშვილისთვის შემაჯამებელი ოქმის გამოცხადებისას შავი საღებავის შესხმისთვის 500 ლარით დააჯარიმეს. მოსამართლემ საქმე დაჩქარებული წესით განიხილა.
16:25 – საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევის თაობაზე პრეზიდენტის სარჩელი თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ჯერჯერობით უცნობია, მიიღო თუ არა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში. 30-მა დეპუტატმა გუშინ ასევე მიმართა სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა მათი საჩივარი ჯერ არ არის გამოქვეყნე