მაკრონი, შოლცი, ტუსკი: თუ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ კურსს, გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყება
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთება გამოხატეს. მათი თქმით, თუ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ისინი მხარს ვერ დაუჭერენ.
მაკრონმა, შოლცმა და ტუსკმა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება როგორც ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის წევრებმა გამოაქვეყნეს, განაცხადეს: „თუ საქართველო არ შეცვლის კურსს და არ აჩვენებს კონკრეტულ ძალისხმევას რეფორმებთან დაკავშირებით, კერძოდ მისი ახლახან მიღებული კანონმდებლობის გაუქმებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ შევძლებთ, მხარი დავუჭიროთ ამ ქვეყანასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამმა ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით: „ღრმად შეშფოთებულნი ვართ იქ მითითებული მრავალი დარღვევითა და ამომრჩეველთა დაშინებით, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე“.
„ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სწრაფად ჩატარდეს გამჭვირვალე გამოძიებები ყველა საჩივრის გამოსაძიებლად და მოხსენიებულ დარღვევებზე ნათელის მოსაფენად, ხოლო ჩვენ გულდასმით განვიხილავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს დადგენილ ვადაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამი ლიდერის განცხადების პარალელურად, 50-მდე ევროპელი ლიდერი ხუთშაბათს და პარასკევს ბუდაპეშტში შეიკრიბა, სადაც უკრაინის, მიგრაციის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის დაქვეითების შესახებ იმსჯელებს. როგორც მოსალოდნელია, სამიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც დაესწრება.
შენიშვნა: მასალა განახლდა 14:40 საათზე და მასში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერების პოზიცია აისახა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)