კონგრესმენები ტერნერი და კონოლი: ეს არჩევნები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან აშორებს
კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა, აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, და კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, 30 ოქტომბერს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა რიგი დარღვევები, მათ შორის „ხმების მოსყიდვა, ამომრჩეველთა დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და არჩევნების სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნები“. მათი თქმით, არჩევნები „საქართველოს მნიშვნელოვნად აშორებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან“.
კონგრესმენები სინანულს გამოთქვამენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა „საქართველოს ფასდაუდებელი შესაძლებლობა მისცა, დაემტკიცებინა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ნატოს ქვეყნებისა და ევროკავშირისთვის, რომ საქართველო მტკიცედ რჩება ევროატლანტიკური გზის ერთგული“, საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა „კამპანიის რიტორიკით, რომლითაც უკრაინაში რუსეთის აგრესიაში დასავლეთს ადანაშაულებდა, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შემოღებით, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების ამოძირკვაა, და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ თავდასხმებზე ანგარიშვალდებულების არქონით“.
კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ არჩევნებმა „მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა დემოკრატიულ პროცესს“. ისინი ხაზს უსვამენ, რომ „საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ფართო ზეწოლა, რათა ხმა მმართველი პარტიისთვის მიეცათ, და უარი პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობრივი თავდასხმების გამოძიებაზე არის ავტორიტარული ქცევა და მკვეთრი გადახვევა აქტიური, მრავალპარტიული განვითარებადი დემოკრატიიდან, რომელიც ოდესღაც საქართველო იყო“.
ერთობლივი განცხადება იმეორებს, რომ „აშშ და ნატოს ყველა ქვეყანა ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით დგას“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)