პრეზიდენტი: პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ცნობას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ლეგიტიმაცია საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 ნოემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო პირველი სხდომა არაკონსტიტუციური იქნება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამი კონკრეტული მიზეზი დაასახელა, თუ რატომ არ არის ლეგიტიმური პარლამენტის მოწვევა:
პირველი, „არჩევნების მასობრივმა გაყალბებამ შეარყია მისი [პარლამენტის] ლეგიტიმაცია“. მეორე, „უარი ვთქვი პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია არავის ცნობს შემცვლელად“, და მესამე, პრეზიდენტის თქმით, მისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესშია.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა პირველი სხდომის მოწვევაზე, რადგან ის არ ცნობს არჩევნების შედეგებს, და მიუხედავად არჩევნების ფართომასშტაბიანი სავარაუდო გაყალბებისა და, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის სადავო ლეგიტიმურობისა, პარლამენტის სხდომის მოწვევა მაინც იგეგმება.
პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესწრებიან. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალებმა უარი განაცხადეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, რადგან ისინი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. მმართველმა პარტიამ პირველ შეხვედრაზე უცხოელი ელჩები არ მიიწვია.
იმავდროულად, პარლამენტის პირველი სხდომის გასაპროტესტებლად მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე მთელი ღამე გაათენეს. 25 ნოემბრის დილას, ისინი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან პარლამენტის მოწვევის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას კვლავ აგრძელებენ. პარლამენტის გვერდით ქუჩებზე პოლიცია, მათ შორის სპეცრაზმია მობილიზებული. დეპუტატები უკვე შენობაში იმყოფებიან. სხდომაზე ასევე იმყოფება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერია.
პირველი სხდომა 12:00 საათზე იწყება. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ პირველ სხდომაზე პარლამენტი ცნობს თავის უფლებამოსილებას; აღიარებული იქნება 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება; შეიქმნება ფრაქციები; არჩეული იქნება თავმჯდომარე და მისი მოადგილეები; შეიქმნება საპარლამენტო კომიტეტები და აირჩევა მათი თავმჯდომარეები.
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, – განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ. „საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების კონსტიტუციურობის დავას განიხილავს, 150-ივე დეპუტატის მანდატის კანონიერება გასაჩივრებულია. ასეთ დროს პარლამენტი ვალდებულია სასამართლოს დაელოდოს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ასეთ ვითარებაში პარლამენტი მიიღებს იქნება უკანონო, არა მხოლოდ უფლებამოსილების ცნობა, არამედ კანონი, ბიუჯეტი, მთავრობის დამტკიცება“.
ასევე წაიკითხეთ:
- 25/11/2024 – პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სამი ახალი წევრი წარადგინა
- 21/11/2024 – ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი თანამდებობებს შეინარჩუნებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)