
პოლიციამ სოლიდარობის აქციის დროს 13 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლიციამ 19 ნოემბერს, ღამით, თბილისში გამართული აქციის დროს, რომელიც მსჯავრდებული მომიტინგე მათე დევიძისადმი სოლიდარობის ნიშნად გაიმართა, მისი დაპატიმრების წლისთავზე, 13 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული ბრალდებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებული პირები „არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა შსს-მ.
This post is also available in: English