პრეზიდენტმა არჩევნების კონსტიტუციურობა სასამართლოში გაასაჩივრა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
„არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზში.
წინა დღეს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა ერთ-ერთ ბოლო დარჩენილ შიდა სამართლებრივ გზად დაასახელა იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები, როგორც მან აღნიშნა, „არ შედგა“.
ბათუმში პრეზიდენტის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ დღეს შეიტანა. სასამართლომ სარჩელი 30 დღის ვადაში უნდა განიხილოს.
ზოგიერთმა კონსტიტუციონალისტმა, მათ შორის ვახუშტი მენაბდემ, განაცხადა, რომ თუ დეპუტატის მანდატების კონსტიტუციურობა ეჭვქვეშ დადგება, ახლად მოწვეული პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ვერ ცნობს მათ უფლებამოსილებებს.
უცნობია პარლამენტი ამგვარად განმარტავს თუ არა კანონს. „ქართულმა ოცნებამ“ ახალი პარლამენტის მოწვევა 25 ნოემბერს დააანონსა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)