skip to content
ახალი ამბები

ჩხუბისა და პროტესტის ფონზე, ცესკო საბოლოო შედეგებს აქვეყნებს

16 ნოემბერს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 54%-ით არჩევნებში გაიმარჯვა.

მაგრამ იმ ფონზე, რომ ოპოზიციამ და დამკვირვებლებმა არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს, ცესკოს სხდომამ ჩხუბით ჩაიარა, მოქალაქეებმა კი შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართრეს.

შეხვედრის დაწყებიდან მალევე, ცესკოში ოპოზიციური „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით კირთაძე ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაუპირისპირდა, მას „შავი ლაქა“ უწოდა და სახეზე შავი საღებავი შეასხა. ეს ქმედება აშკარად უკავშირდებოდა არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის სავარაუდო დარღვევას, კერძოდ, ბიულეტენების თხელი ქაღალდის თემას, რომელზეც აშკარად ჩანდა, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.

ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა. ფოტო: კადრი რადიო თავისუფების ქართული სამსახურის ვიდეოდან

„შენ ხარ ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, შენ ხარ შავი ლაქა“, – მიმართა კირთაძემ კალანდარიშვილს.

კალანდარიშვილს შესვენების გამოძახება მოუწია. შეხვედრა ნახევარ საათში განახლდა. ცესკოს თავმჯდომარე თვალახვეული დაბრუნდა.

ცესკოს თავმჯდომარე საღებავის შესხმის შემდეგ სხდომას თვალახვეული დაუბრუნდა. წყარო: კადრო ცესკოს პირდაპირი ჩართვიდან.

კალანდარიშვილმა მომხდარს „ბოროტება“ და „პროვოკაცია“ უწოდა, რომელიც, მისი თქმით, „ფაქტობრივად, არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ სხვადასხვა ჩართულ მხარეს არჩევნებთან დაკავშირებით არ გააჩნია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არჩევნებში რაიმე ტიპის მანიპულაცია განხორციელდა. მხოლოდ პირადი თავდასხმებით და ზეწოლით, ასეთი ბულინგით, პირად სივრცეში შეჭრით და აქციებით ცდილობს სხვადასხვა მხარე გადაფაროს ის საკითხები და შექმნას საზოგადოებაში აღქმა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა“.

ინციდენტის შემდეგ, შსს-მ განაცხადა, რომ მან დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ოფიციალური საბოლოო შედეგები

ცესკო-ს კომისიის მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა არჩევნების ოფიციალური შემაჯამებელი ოქმი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ხმის უფლების მქონე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 508 294. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 2 111 834 შეადგინა. 34 974 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.

5%-იანი ბარიერი შემდეგმა პარტიებმა და კოალიციებმა გადალახეს:

  • კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 11.03% (229 161) – 19 მანდატი
  • ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 10.17% (211 216) – 16 მანდატი
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის – 8.81% (182 922) – 14 მანდატი
  • გახარია საქართველოსთვის – 7.78% (161 521) – 12 მანდატი
  • ქართული ოცნება – 53.93% (1 120 053) – 89 მანდატი პარლამენტში

იმავდროულად, ცესკოს შენობასთან შეკრებილი ხალხი ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებდა. სამართალდამცავებმა სულ მცირე სამი პირი დააკავეს, მათ შორის გიორგი ლიფონავა, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანადამფუძნებელი, და ვანო გომურაშვილი, ოპოზიციური პარტია „ახალის“ წევრი.

გვიან ღამით რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, ძირითადად ახალგაზრდებმა, თბილისში, კალანდარიშვილის სახლთან აქცია განაგრძეს. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ტუტუშკებმა რამდენიმე მათგანი სცემეს მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა.

საქართველოს არც ერთ დასავლელ პარტნიორს, გარდა ზოგიერთი მემარჯვენე ლიდერისა, არ მიულოცია „ქართული ოცნებისთვის“ ოფიციალური გამარჯვება. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა და მისმა მხარდამჭერებმა შედეგები არ ცნეს.

ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა“. მან „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა: „მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ   გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის“.

რა იქნება ახლა?

კანონის თანახმად, ცესკოს მიერ ოფიციალური საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა ათი დღის ვადაში უნდა მოიწვიოს. მაგრამ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ ცნობს შედეგებს, დიდი ალბათობით, პარლამენტის სხდომას არ მოიწვევს, რასაც ამ შემთხვევაში მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გააკეთებს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. თუმცა, მისი თქმით, იგი არ ელის, რომ პირველ სხდომას სალომე ზურაბიშვილი მოიწვევს.

როდესაც მას ოპოზიციის გეგმებზე ჰკითხეს, რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია.

ოთხი ოპოზიციური ძალიდან სამმა, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, პირობა დადო, რომ უარს იტყვიან სადეპუტატო მანდატებზე. მეოთხე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ აღნიშნა, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს.

იმ  ფონზე, როდესაც ოფიციალურ შედეგებს მხოლოდ მმართველი პარტია ცნობს, ოპოზიცია, პრეზიდენტი და დამკვირვებლები მათ გაყალბებულად მიიჩნევენ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე იმყოფება. ოპოზიცია ქუჩის აქციებს აგრძელებს, თუმცა რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button